მაკა ბოჭორიშვილი: USAID-ის დახმარებით არაერთი დაფინანსება მიუღიათ იმ ძალებს, რომლებიც პირდაპირ იყვნენ საქართველოში პოლიტიკაში ჩართულები და პირდაპირ იყვნენ ჩართულები რევოლუციების დაფინანსებაში

მაკა ბოჭორიშვილი

ვიცით, რომ ამ დაფინანსებაში დიდი წვლილი ჰქონდათ სწორედ იმ ფონდებს, რომლებზედაც საუბრობენ დღეს უკვე ხმამაღლა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციაში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. აღნიშნულით იგი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მაიკ ბენცის მიერ 2024 წლის პროტესტების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მათ შორის, USAID-ის დახმარებით არაერთი დაფინანსება მიუღიათ იმ ძალებს, რომლებიც პირდაპირ იყვნენ საქართველოში პოლიტიკაში ჩართულები და პირდაპირ იყვნენ ჩართულები საქართველოში რევოლუციების დაფინანსებაში, ხელისუფლების არაკანონიერი გზებით შეცვლას უწყობდნენ ხელს.

„ეს არის ის, რის წინააღმდეგაც იბრძვის საქართველოს ხელისუფლება და აგრძელებს ბრძოლას. ეს არის ის, რაც ჩვენთვის მიუღებელია, რაც წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის განვითარებასთან“, - აღნიშნა მან.

როგორც ბენცმა აღნიშნა, 2024 წელს „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებში ჩართული ადამიანები აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პერიოდში, მათ შორის USAID-ისა და NED-ის მეშვეობით ფინანსდებოდნენ. მისივე განმარტებით აშშ-ის ინტერესებში შედის, რომ სხვა ქვეყნებმა არ იცოდნენ, ვინ ფინანსდება აღნიშნული სტრუქტურების მიერ, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენა. ბენცი ასევე საუბრობს ორმაგ სტანდარტზე“ და აღნიშნავს, რომ მაშინ როცა ამერიკაში წლებია მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონი, ვაშინგტონი სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, მსგავსი კანონმდებლობის მიღებას აკრიტიკებს.