მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, იურაი ბლანარს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, იურაი ბლანარს შეხვდა

5 დეკემბერს, მალტაში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, იურაი ბლანარს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე, მეგობრულ ურთიერთობებს და მჭიდრო პარტნიორობას.

„განხილული იქნა როგორც ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ და ასევე მიაწოდა ინფორმაცია ამ გზაზე მიღწეულ პროგრესსა და შემდგომ ნაბიჯებზე. თავის მხრივ, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა მისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნების მიმართ და ამ პროცესში შემდგომი დახმარებისა და თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

მაკა ბოჭორიშვილმა სლოვაკ კოლეგას მიაწოდა ასევე ინფორმაცია ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებსა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების პირველად შეფასებებზე. მან ასევე მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას და მჭიდრო კავშირებს სამთავრობათაშორისო დონეზე. მინისტრებმა მიმოიხილეს საერთაშორისო ფორმატებში, მათ შორის ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2024 წლის 4–6 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე სხდომაში მონაწილეობს.