მაკა ბოჭორიშვილი: სლოვაკეთი არის ის ქვეყანა, რომელიც არ ეთანხმება ევროკავშირის უსამართლო მიდგომებს საქართველოსთან მიმართებაში

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან საუბრისას სლოვაკეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მან ასევე ხაზი გაუსვა პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას, რათა პარტნიორ ქვეყანას სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებზე.

„სლოვაკეთი არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი. სლოვაკეთი, უნგრეთთან ერთად, ხმამაღლა იცავს იმ ღირებულებებს, რომლებიც დღეს მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, იმისთვის რომ იყოს მშვიდობიანად და წარმატებული ეკონომიკური განვითარების კუთხით, საუბარი არის სუვერენიტეტზე. სლოვაკეთი არის ის ქვეყანა, რომელიც არ ეთანხმება ევროკავშირის უსამართლო მიდგომებს საქართველოსთან მიმართებაში და ინსტრუმენტად ევროინტეგრაციის პროცესის გამოყენებას და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორთან გვქონდეს პოლიტიკური დიალოგი, მათ ჰქონდეთ სრულად ინფორმაცია თუ როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში, თუ რა მიღწევები გვაქვს ქვეყანაში და რა გამოწვევები და სად შეგვიძლია ვითანამშრომლოთ უფრო მეტად“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ქვეყნებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება, ისე აქტიური პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნება. მისივე თქმით, ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებისთვის ასევე მნიშვნელოვანია მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა.

„მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგი. იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სლოვაკეთში, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სლოვაკეთში, ხოლო საქართველო თავის მხრივ ელოდება მაღალი დონის ვიზიტებს სლოვაკეთის მხრიდან. აღნიშნული ვიზიტები, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას და რა თქმა უნდა შექმნის დამატებით ინიციატივებს ეკონომიკური თანამშრომლობის და ბიზნესკონტაქტების გაძლიერების და გაღრმავებისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.