საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1773086315
რასაც ვხედავთ და რასაც ხედავს ყველა ის სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაკვირვებას აწარმოებს ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. ყველას კარგად გვახსოვს საიდან მოვდივართ, რა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ, სად ჩავიდა ჩვენი ეკონომიკა და საიდან დავიწყეთ ამოსვლა, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, მთავარი არის ეკონომიკის ზრდის ტენდენცია და თან უპრეცედენტოდ სწრაფი ტემპით ზრდა, რომელიც ევროპაში არც ერთ ქვეყანას არ აქვს.
„გასაგებია, რომ ის განვითარებული ქვეყნები ასეთი სწრაფი ტემპით შეიძლება არ იზრდებოდნენ და ჩვენ მეტი შესაძლებლობები გვაქვს, რომ გავიზარდოთ, კი ბატონო, არიან ძლიერი ეკონომიკის ქვეყნები, მაგრამ იმასაც შევხედოთ, ჩვენი ეკონომიკა ზემოთ მიდის, ქვემოთ მიდის თუ ერთ ადგილზე დგას?! როდესაც ევროკავშირში ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ - კი, ევროკავშირი არის ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნების გაერთიანება. ჩემი მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩემი ქვეყანა, ამ ქვეყნებს შორის როდესაც მოხვდება, იყოს კონკურენტუნარიანი და შეძლოს იმ სივრცეში არსებობა იმ ძლიერ ეკონომიკებთან ერთად.
ამას ქვეყანა შეძლებს სწორედ სტაბილური ეკონომიკური განვითარების ტემპით და იმ პოლიტიკის გატარებით, რა პოლიტიკითაც ეს იქნება შესაძლებელი. რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ, დავბრუნდებით ისევ და ისევ მშვიდობაზე, სტაბილურობასა და სტაბილურ განვითარებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის. დღეს ჩვენი ქვეყანა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის უცხოურ ინვესტიციას იზიდავს და ესეც მეტყველებს რაღაცებზე, რაც დაკავშირებულია განვითარებასთან და ჩვენს მომავალთან“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.