ჯარიმა 1000-დან 3 000 ლარამდეა... - კანონი, რომელიც ოქტომბრიდან ამოქმედდა
1761082146
„საქართველო არა მხოლოდ გზაჯვარედინია, რომელიც დასავლეთს და აღმოსავლეთს აკავშირებს, არამედ არის ის სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდება კულტურები, ეკონომიკები და იდეები. ეს საქართველოსთვის უზარმაზარი შესაძლებლობაა,“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე.
მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებისა და გლობალური სავაჭრო მარშრუტების გადალაგების ფონზე, საქართველო მზადაა შუა დერეფნის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლის შესასრულებლად და ამ მზაობას მთელი რიგი ფაქტორები განაპირობებს. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ამ ფაქტორებს შორისაა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომელიც ბიზნესებისთვის თავისუფლად ოპერირების შესაძლებლობას უზრუნველყოფს; მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გაფორმებული აქვს როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ასევე ისეთ გლობალურ მოთამაშეებთან როგორიცაა ჩინეთი, ევროკავშირი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, რაც საქართველოს გლობალური სამომხმარებლო ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილზე ანიჭებს წვდომას.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო აქტიურად განაგრძობს ურთიერთობების გაღრმავებას როგორც მეზობლებთან, ისე ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რათა მაქსიმალურად გამოიყენოს გეოსტრატეგიული მდებარეობა და გახდეს ძლიერი და სტაბილური სავაჭრო-სატრანზიტო ჰაბი რეგიონში. მისი თქმით „აზერბაიჯანთან ათწლეულზე მეტი ხნის სტრატეგიული თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა, რაც ზრდის შუა დერეფნის ეფექტიანობას“.
თავის გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებზე გაამახვილა. მისი თქმით, საქართველოს წარმატება საერთაშორისო რეიტინგებში აისახება და მაღალი მაჩვენებლები საქართველოს მიმართ პარტნიორთა ნდობას აძლიერებს და პოზიტიურ ზემოქმედებას ახდენს ბიზნეს გარემოზე.
„საქართველო არის პატარა, თუმცა მნიშვნელოვანი რეგიონი არა მხოლოდ ევროპის და აზიის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენი მიმზიდველი ღია ეკონომიკა, დაბალი კორუფციის მაჩვენებლები, სტაბილური ბიუჯეტი და ინვესტიციებისთვის ხელმისაწვდომი გარემო ქმნის უნიკალურ შესაძლებლობებს“, - ხაზგასმით აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.