მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ბოჭო

გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის ფართო სპექტრი განიხილეს და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა, ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე და 4 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე.

ასამბლეის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელსაც შეხვდა. მინისტრებმა, განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და შვეიცარიის, როგორც რუსეთთან შუამავლის, როლს. განიხილეს მომავალ წელს ეუთოს შვეიცარიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და საქართველოსთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ პროცესებს და გამოწვევებს, ასევე ხაზი გაესვა მდგრადი განვითარებისთვის მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე განიხილეს სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხებიც.