მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტარების ვიზიტზე: არ ვიცი რამდენად ევროპარლამენტის სახელით არის ეს დელეგაცია - ვისი სახელით საუბრობენ და რისთვის არიან ჩამოსულები, საინტერესოა

მაკა ბოჭორიშვილი

არ ვიცი რამდენად ევროპარლამენტის სახელით არის ეს დელეგაცია საქართველოში. ევროპარლამენტს დელეგაციების შედგენის, მათი განმწესებისა და უცხო ქვეყანაში მგზავრობის საკმაოდ მკაცრი წესები აქვს. ვისი სახელით საუბრობენ და რისთვის არიან ჩამოსულები, საინტერესოა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტზე საუბრისას.

„სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ვხედავთ კონკრეტული ევროპარლამენტარების ქმედებებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავს და რას ემსახურება ეს, ეს კიდევ ცალკე საკითხავია. ასევე, ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტის წევრებს, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებულად საქართველოს წინააღმდეგ ძალიან კრიტიკული პოზიციებით. მათ არ აქვთ მზაობა ობიექტური სურათის დანახვის. არაერთხელ გვინახავს მათი „შემოქმედება“ რომელიც აისახება ევროპარლამენტის რეზოლუციებში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში ჩამოსულ ევროპარლამენტარებს შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ასევე დაგეგმილია პრეზიდენტთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან.

გუშინ, ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის მის კოლეგებთან ერთად საქართველოში მოემგზავრებოდა.