მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ბოჭორიშვილი

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ეუთოს თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს; ეუთო-ს გენერალური მდივნის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

აღინიშნა კონფლიქტის მშვიდობანი მოგვარების პროცესში ეუთოს, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის თანათავმჯდომარე ორგანიზაციის მნიშვნელოვანი როლი. ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეუთოს დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები და ეუთოს მონაწილე ქვეყნებთან და ინსტიტუტებთან თანამშრომლობა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.