მაკა ბოჭორიშვილი: ეს ოფიციალური ვიზიტი თავისი შინაარსით არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის დატვირთული და მუდმივად მოითხოვს ინფორმაციის გაცვლას და ახალ იდეებზე მუშაობას

მაკა ბოჭორიშვილი

მიმდინარე წელი საქართველოს და აზერბაიჯანს შორის საკმაოდ დატვირთული იყო მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობებისთვის, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანში სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის მსგავსი სახის ვიზიტები არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობის გაუმჯობესებისთვის.

„ჩვენ გვქონდა პატივი საქართველოში გვემასპინძლა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის და ეს სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც განხორციელდა საქართველოში, იყო ძალიან მნიშვნელოვანი თავისი შინაარსით. ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, რომელიც მაისში განხორციელდა ბაქოში, იყო მნიშვნელოვანი თავისი შინაარსით, მიღწეული შეთანხმებებით, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების საქმეში.

სულ ცოტა ხნის წინ გვქონდა პატივი გვემასპინძლა აზერბაიჯანის დელეგაციისთვის და სიღნაღში გაგვემართა ეკონომიკური თანამშრომლის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი შეხვედრა. ეს არის ძალიან კარგი ფორმატები, რომლის ფარგლებშიც, ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული მიმართულებების განხილვა შეგვიძლია“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თმით, დღევანდელი ოფიციალური ვიზიტი თავისი შინაარსით არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის დატვირთული და მუდმივად მოითხოვს ინფორმაციის გაცვლას და ახალ იდეებზე მუშაობას.

✕