13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
ადამიანის უფლებათა უნივერსალური პრინციპები სულ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დგას დღეს - არა მხოლოდ კონფლიქტებისა და ოკუპაციის, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენების და ადამიანის უფლებების ვიწრო მიზნებისთვის პოლიტიზირების მცდელობების გამო, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა ისაუბრა საქართველოს დემოკრატიული განვითარების დინამიკასა და ინსტიტუციური გაძლიერების პროცესზე. მისი თქმით, „უსაფრთხოების რთული გამოწვევების მიუხედავად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველომ გააძლიერა დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები, რაც აისახება შესაბამის საერთაშორისო რეიტინგებში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი სარჩელების რაოდენობის 85%-ით შემცირებაში“.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესზე და აღნიშნა, რომ „ადამიანის ღირსება ეკონომიკური შესაძლებლობებისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფით იწყება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში სიღარიბის დონე 30%-დან 10%-მდე შემცირდა, რაც მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის მიზნობრივი სოციალური პროგრამების განხორციელების შედეგია“.
ქალთა უფლებების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ გაძლიერდა მექანიზმები ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამავე კონტექსტში მან ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაძლიერებაზე და აუტიზმის საკითხებზე, ყურადღება გაამახვილა ინკლუზიურობაზე, ღირსებასა და თანასწორობაზე.
გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. მინისტრის განცხადებით, „საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ“. აღნიშნულ ტერიტორიებზე მოსახლეობას შეზღუდული აქვს ფუნდამენტური თავისუფლებები, გრძელდება უკანონო დაკავებების, არასათანადო მოპყრობისა და ეთნიკური დისკრიმინაციის შემთხვევები.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ერთგულია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის, რომელიც გაეროს წესდებას ეფუძნება.
დასასრულს, მაკა ბოჭორიშვილმა დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა ადამიანის უფლებების უნივერსალურობისა და ურთიერთდაკავშირებულობის პრინციპის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს დემოკრატიული მმართველობის განმტკიცებას ქვეყნის შიგნით და ადამიანის ღირსების დაცვისკენ მიმართული საერთო ძალისხმევის მხარდაჭერას საერთაშორისო დონეზე.