„სრულიად საქართველოს მოსახლეობასადმი“ - საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1759306252
მოლდოველებმა მკაფიოდ მისცეს ხმა ევროპას, მკაფიოდ განაცხადეს, რომ სურთ, იყვნენ ევროკავშირის ნაწილი რუსეთის მასშტაბური ჩარევის მიუხედავად, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე მოლდოვამ და უკრაინამ შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები და ელოდებიან შემდგომ ნაბიჯებს.
„28 სექტემბერს მოლდოველებმა მკაფიოდ მისცეს ხმა ევროპას, რუსეთის მასშტაბური ჩარევის მიუხედავად. ეს არ იყო მარტივი არჩევნები, ეს იყო გამოცდა დემოკრატიისთვის თავდასხმის პირობებში და მოლდოვის მოქალაქეებმა ეს გამოცდა გაიარეს. ხელისუფლებამ შეძლო რუსეთის სქემების ჩაშლა. ჩვენ შევძელით, გამოგვევლინა სიმართლე, თუ რას აკეთებდა რუსეთი და შეგვეჩერებინა ეს. თქვენ ნახეთ ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში, როგორ ქირაობდა რუსეთი ხალხს, ყალბი კონტენტის შესაქმნელად და გასავრცელებლად. მოლდოვის მთავრობამ შეძლო რუსული ფულის გამოვლენა, რომელიც განკუთვნილი იყო პოლიტიკური პარტიების უკანონო დაფინანსებისთვის. მოლდოვაში რაც ბოლო რამდენიმე თვის და, განსაკუთრებით, არჩევნებამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში მოხდა, შეიძლება, მოხდეს მრავალ ევროპულ ქვეყანაში. ჩვენ ყველამ ერთად ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რათა ვებრძოლოთ უკანონო დაფინანსებას, რათა გავაძლიეროთ კიბერუსაფრთხოება და ვებრძოლოთ დეზინფორმაციას“, – განაცხადა მაია სანდუმ.
მისი თქმით, მოლდოვას სჭირდება ევროპულ გზაზე წინსვლა.
„ჩვენ გვჭირდება ევროპულ გზაზე წინსვლა. მოლდოველებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ სურთ, იყვნენ ევროკავშირის ნაწილი. ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ წინ და, ასევე, გავაგრძელოთ ჩვენი ინსტიტუტების მედეგობის გაძლიერება. ვიმედოვნებთ, რომ ყველა უჭერს მხარს მოლდოვის ევროინტეგრაციას. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, მოლდოვამაც და უკრაინამ შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები და ელოდებიან შემდგომ ნაბიჯებს. ვიმედოვნებთ, რომ მალე იქნება პოზიტიური გადაწყვეტილებები“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, კვლავ ძალაშია თუ არა ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანების ვადა 2030 წელი, მაია სანდუმ დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ მოლდოვის ხელისუფლება მზად არის, ბევრი იმუშაოს ამ მიზნის შესასრულებლად.