მაია ბითაძემ დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მაია ბითაძემ დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გამართულ  ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღო კავკასიის ბუნების ფონდის მხარდაჭერით გამართულ დასკვნით ღონისძიებაში, რომელიც დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერებას ეხებოდა.

„კომიტეტი მუდმივად მხარს უჭერს საქართველოში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას. მხოლოდ 2022-2023 წლებში ექვსი ახალი დაცული ტერიტორია დაარსდა. კანონები ორიენტირებულია, როგორც ბუნებრივი ლანდშაფტებისა და ეკოსისტემების კონსერვაციაზე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონების გაძლიერებაზე“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, საქართველოში უკვე 100 დაცული ტერიტორიაა დაარსებული, რაც მთელი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ს შეადგენს, მათგან ხუთი დაცული ტერიტორია ოკუპირებულ რეგიონებში მდებარეობს. კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მალე გაჩნდება მათი დათვალიერების შესაძლებლობა. როგორც მაია ბითაძემ განაცხადა, დაცული ტერიტორიების განვითარების თვალსაჩინო მაგალითია ბოლო პერიოდში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა, რაც პირდაპირ აისახება რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროს, გაეროს განვითარების პროგრამასა და გლობალურ გარემოსდაცვით ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელობა და მხარეებს მადლობა გადაუხადა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისათვის.

„მხარეთა თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების დაცვის მიზნით, დაცული ტერიტორიების სისტემის გაფართოვება და განვითარება“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.