მაია ბითაძე: შემაშფოთებლად გამაოგნებელია, თუ რატომ არღვევენ ასე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს და მიკვირს რატომ არ ფიქრობენ იმაზე, რომ უხერხული მომენტები გაჩნდება არჩევნების შემდგომ

მაია ბითაძე

სამწუხაროდ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები ფლანგავენ იმ დამოკიდებულებას და რწმენას, რაც საქართველოს მოქალაქეებში იყო ევროპულ ღირებულებებთან დაკავშირებით, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.

ის დასავლელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა. მაია ბითაძის თქმით, საქმე გვაქვს სხვა ქვეყნის შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში უხეშ ჩარევასთან.

„ასამდე განცხადება გაკეთდა უკვე და აღარავინ დარჩა ოფიციალური წარმომადგენლებიდან, რომლებსაც არ გაეკეთებინა ისეთი განცხადება, რომელიც მარტივად საერთაშორისო სამართლის მიხედვით სხვა ქვეყნის შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში უხეშ ჩარევად ითვლება და რეალურად სწორედ ეს არის ის პრობლემა, რომლის წინააღმდეგ საქართველო იღვწოდა მუდამ, როდესაც დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის იბრძოდა.

შემაშფოთებლად გამაოგნებელია თუ რატომ არღვევენ ასე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს და მიკვირს რატომ არ ფიქრობენ ისინი იმაზე, რომ ძალიან უხერხული მომენტები გაჩნდება აუცილებლად 26 ოქტომბრის შემდგომ, არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებისა და „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდგომ.

მათ ყველაზე კარგად იციან რამდენს აკეთებდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე, ჩვენ ის წარმატებები გვქონოდა, რაც დღეს გვაქვს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკული განცხადებების მიზანი არის ძალიან მარტივი, რომ ზეგავლენა მოახდინონ საქართველოს ამომრჩეველზე.