მაია ბითაძე: საქართველოს მოქალაქეებმა ზუსტად იციან, რომ მათ გასულ შაბათს არჩევანი სრულიად მშვიდ, კონკურენტულ გარემოში გააკეთეს და მათ ვიღაც ეუბნება გარედან, რომ თურმე, აქ რაღაც ძალიან ცუდი არჩევნები ჩატარებულა

მაია ბითაძე

ის განცხადებები, რაც საერთაშორისო დონეზე კეთდება, აღიარებენ თუ არ აღიარებენ თუ ერთმანეთს აბულინგებენ უკვე საქართველოსთან მიმართებით, ერთ ძალიან ცუდ კვალს დატოვებს აუცილებლად საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ მათ გასულ შაბათს არჩევნები სრულიად მშვიდ, კონკურენტულ გარემოში გააკეთეს და მათ ვიღაც ეუბნება გარედან, რომ თურმე, აქ რაღაც ძალიან ცუდი არჩევნები ჩატარებულა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო აქტორების ნაწილის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების შეფასებისას.

მან აღნიშნა, რომ არაადეკვატურია და არათანაბარზომიერია ის განცხადებები, რომლებსაც ვისმენთ სხვადასხვა საერთაშორისო აქტორის მხრიდან.

„მათ შორის, თუნდაც, ის, რომ ჰელსინკის კომისია აკრიტიკებს საკუთარ პრეზიდენტს იმ განცხადებისთვის, რაც მან გააკეთა და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გამოძიებისკენ. ზუსტად იგივე დასკვნები გააკეთეს სადამკვირვებლო მისიებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ოდირი იქნებოდა, ევროკავშირი თუ ეუთო. ასევე, ბორელმა ევროკავშირიდან მოუწოდა საქართველოს მთავრობას, რომ გამოძიება ჩატარდეს და მყისიერად იყოს გამოვლენილი.

ვნახეთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ამ გადმოსახედიდან იმ აბსურდულ ბრალდებებზე, რაც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან და არასამთავრობო სექტორის მხრიდან გვესმის და მათ შორის, ჰელსინკის კომისიის მხრიდან, რომელიც უთითებს, რომ თურმე რაღაც ნათელი ფაქტები აქვს მიწოდებული საქართველოს მხრიდან. მაგრამ არავინ იცის, ეს ნათელი ფაქტები რა არის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.

ამიტომ სრულიად არანორმალური მდგომარეობაა მათ შორის საერთაშორისო დონეზე, როდესაც ჰელსინკის კომისია საკუთარ პრეზიდენტს აკრიტიკებს იმიტომ, რომ ბაიდენის განცხადებაში ნათლად იკვეთება, რომ სწორედ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ გამოძიებისკენ. ეს, რა თქმა უნდა, აღიარებაა დიპლომატიურ ენაზე, თუმცა, მკაცრი ტონალობის შენარჩუნებით, რაც ამ შემთხვევაში საჭიროა ამ საერთაშორისო აქტორებისთვის იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ის პოზიცია, რაც აქამდე აქვთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მან აქვე იმედი გამოთქვა, რომ გადატვირთვის პოლიტიკის მანქანის ამუშავებასთან ერთად ეს რიტორიკა მყისიერად შეიცვლება.

„თუმცა, მანამდე ჩვენ თვალყურს ვადევნებთ აბსურდულ სცენარს. ის განცხადებები, რაც საერთაშორისო დონეზე კეთდება, აღიარებენ თუ არ აღიარებენ თუ ერთმანეთს აბულინგებენ უკვე საქართველოსთან მიმართებით, ერთ ძალიან ცუდ კვალს დატოვებს აუცილებლად საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ მათ გასულ შაბათს არჩევანი სრულიად მშვიდ, კონკურენტულ გარემოში გააკეთეს და მათ ვიღაც ეუბნება გარედან, რომ თურმე, აქ რაღაც ძალიან ცუდი არჩევნები ჩატარებულა. საქართველოს მოქალაქეებმა ძალიან კარგად ვიცით, როგორია ცუდი არჩევნები”, - განაცხადა მაია ბითაძემ.