მაია ბითაძე: როდესაც ჩვენ ვიხსენებთ 12 წელს, რა ხდებოდა მანამდე და რა მონაცემები გვაქვს ახლა, ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს საქართველოში ადამიანმა დაიბრუნა ამ ქვეყანაში უსაფრთხოდ განვითარების გრძნობა

მაია ბითაძემ თსუ-ის სტუდენტებისთვის გარემოსდაცვითი უფლებების თაობაზე საჯარო ლექცია წაიკითხა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ „დღის ქრონიკასთან“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 12 წელი შეაჯამა.

მისი თქმით, ყველას კარგად ახსოვს რა იყო მანამდე და როგორ პროგრესს განიცდის ქვეყანა ყველა მიმართულებით.

„ამ გადმოსახედიდან, როდესაც უკან ვიხედებით პირველი, რაც გვახსენდება არის ის მონაპოვარი, რასაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ქართველი ერი, რომ მოეპოვებინა. ეს არის უწყვეტი მშვიდობა. როდესაც ჩვენ ქვეყნის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ქვეყნის განვითარების საწინდარი არის სიმშვიდე, მშვიდობა, რაც აძლევს ქვეყანას ყველა მიმართულებით დინამიკაში, პოზიტიური განვითარების საშუალებას. რაც არ უნდა იძახონ ჩვენმა რადიკალებმა, ყველამ ერთად ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველომ ძალიან ბევრი გამოწვევისადა მიუხედავად, მათ შორის კოვიდპანდემია იქნება თუ რეგიონში, არა თუ დაძაბული პოლიტიკური, არამედ სამხედრო სიტუაცია საქართველომ შეძლო, რომ შეენარჩუნებინა არა მხოლოდ მშვიდობა, არამედ ეკონომიკური ზრდა ორნიშნა მაჩვენებლამდე აიყვანა.

როდესაც ჩვენ ვიხსენებთ 12 წელს, რა ხდებოდა მანამდე და რა მონაცემები გვაქვს დღეს, მიუხედავად იმ სიმულაციისა, რასაც ქმნიან რადიკალები, ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები დაცულია ისე, როგორც ეს არასდროს არ ყოფილა. ადამიანმა დაიბრუნა ამ ქვეყანაში უსაფრთხოდ განვითარების გრძნობა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, მიღწეულ წარმატებებს რადიკალები იმ პროპაგანდის მანქანას უპირისპირებენ, რომლითაც დეზინფორმაციას ავრცელებენ. მაია ბითაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციის გზას თანმიმდევრულად მიყვება, ოპონენტები ამ პროცესის შეფერხებას სხვადასხვა მანიპულაციებით ცდილობენ.