მაია ბითაძე: რეგიონებში კულტურული ცხოვრება მეტად აქტიური უნდა გახდეს, თეატრებს ხელი უნდა შევუწყოთ, სრულად წარმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი

მაია ბითაძე

კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ სენაკის სახელმწიფო თეატრის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და შემოქმედებითი პროცესების შესახებ ინფორმაცია თეატრის დირექტორისგან, ვახტანგ ნიკოლავასგან მოისმინა.

სენაკის სახელმწიფო თეატრი, რომლის ისტორია 1881 წლიდან იწყება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაშია განთავსებული. ფონდმა „ქართუმ“ ისტორიულ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა. 2021 წლიდან, განახლებულ თეატრში ფუნქციონირებს დიდი და მცირე დარბაზები, სარეპეტიციო სივრცე და მუზეუმი. შენობა აღჭურვილია თანამედროვე სასცენო განათებისა და გახმოვანების სისტემებით, რაც თეატრის დასს სრულფასოვანი შემოქმედებითი საქმიანობის შესაძლებლობას აძლევს. დღეისათვის თეატრის ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული მცირე საჭიროების უზრუნველყოფაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუშაობს.

„რეგიონებში კულტურული ცხოვრება მეტად აქტიური უნდა გახდეს; თეატრებს ხელი უნდა შევუწყოთ, სრულად წარმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი. უდიდესი ისტორიის მქონე სენაკის სახელმწიფო თეატრი დღეს აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით გამოირჩევა. განახლებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სივრცე მხოლოდ სპექტაკლების წარმოდგენის ადგილი არ არის. ის ახალგაზრდების შემოქმედებითი განვითარების, თეატრალური განათლებისა და ქართული კულტურული ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელოვანი კერაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თეატრის შენობაში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სენაკის სალოტბარო სკოლაც ფუნქციონირებს. სწორედ ასეთი სივრცეები ქმნის მყარ საფუძველს, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობა არა მხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ შევქმნათ მისი ხვალინდელი დღე“, - განაცხადა მაიამ ბითაძემ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადგილობრივი დასის რეპერტუარი ამჟამად 16 სპექტაკლს აერთიანებს; თეატრთან მოქმედებს უფასო დრამატული სკოლა-სტუდია, რომლის 40 აღსაზრდელი, პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობს სპექტაკლებში. 2024 წლიდან თეატრი მასპინძლობს სასკოლო თეატრალურ ოლიმპიადას 200-დან 250-მდე ახალგაზრდის მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ თეატრის შენობაში ფუნქციონირებს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სენაკის სალოტბარო სკოლა, სადაც 25 მოსწავლე, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, ქართულ ხალხურ სიმღერასა და საეკლესიო საგალობლებს ეუფლება.

მინისტრთან ერთად სენაკის თეატრში იმყოფებოდნენ კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში დავით ვერავა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი გუგუჩია და გიორგი ხახუბია, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ჩირგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

✕