მაია ბითაძე: ერთია, რომ ჩვენი გაცხადებული მიზანია ევროკავშირში წევრობის სურვილი, თუმცა ისიც არის უკვე საკითხავი, რამდენად არის ჩვენთვის დღეს ევროკავშირი იმ დონის ღირებულება, რა დონის ღირებულებაც იყო თუნდაც რამდენიმე წლის წინ

მაია ბითაძე

ერთია, რომ ჩვენი გაცხადებული მიზანია ევროკავშირში წევრობის სურვილი, თუმცა ისიც არის უკვე საკითხავი, რამდენად არის ჩვენთვის დღეს ევროკავშირი იმ დონის ღირებულება, რა დონის ღირებულებაც იყო თუნდაც რამდენიმე წლის წინ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

ბითაძის თქმით, უკრაინასთან მიმართებითაც კი გვესმის ისეთი განცხადებები, რომ თურმე ამდენი მსხვერპლშეწირვისა და ქების, დიდების მიუხედავად მისთვის ევროკავშირში კარი ჯერ არ გაიღება.

„ახლა ამბობენ, რომ თურმე ევროკავშირში წევრობა დაფუძნებულია ვალდებულებების შესრულებაზე, რასაც საქართველო მათი მონაცემებითვე კარგად ასრულებდა. ასე, რომ ევროკავშირს ახლა პრობლემები ბევრად მეტი აქვს, ვიდრე ურთიერთობა საქართველოსთან. საქართველოს ლანძღვაში ნუ გამოიჩენენ თავს იმიტომ, რომ მათი რეალური პრობლემა დღეს არის ბევრად დიდი. ის, რომ ევროკავშირი ნათლად ავლენს უკვე, რომ ერთიანობა, რაც იყო ამ კავშირის საფუძველი, დღეს ისეთი მყარი არ არის, როგორც წლების წინ. ევროპის დასუსტების ნათელი მაგალითი გვაქვს ჩვენ ყოველდღიურად. ასე, რომ პირველ რიგში, ვისურვებდი იმას, რომ ევროპა იყოს კვლავ ისეთ ღირებულებებზე დაფუძნებული, როგორი ევროკავშირიც შეიქმნა წლების წინ. აღდგეს ბალანსი და სწორი დამოკიდებულება იმ სახელმწიფოების მიმართ, ვისაც სურთ ევროკავშირში გაერთიანება. აღდგეს, პირველ რიგში, ნდობა ევროპული ბიუროკრატიის მიმართ იმიტომ, რომ არცერთ სახელმწიფოს არ სურს რაღაც კავშირში გაერთიანდეს და შემდგომ იყოს მარიონეტი რომელიმე იმ სახელმწიფოს ხელში, რომელიც უფრო ადრე გაწევრიანდა ევროკავშირში. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.