მაგიდაზე დევს ერთადერთი გონივრული ალტერნატივა, ყველა უნდა დაუბრუნდეს საკონსტიტუციო ველს, უარი თქვან უაზრო შეტაკებაზე და განაგრძონ კანონის დაცვით პარტიული საქმიანობა - შალვა პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

მაგიდაზე დევს ერთადერთი გონივრული ალტერნატივა. ყველა უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოებრივ და საკონსტიტუციო ველს, უარი თქვან უაზრო შეტაკებასა და აგრესიაზე, რომელიც აზიანებს მოქალაქეებს და განაგრძონ კანონის დაცვით პარტიული საქმიანობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ნაცვლად გაფიცვებისკენ მოწოდებისა თუ პეტიციების შედგენისა, რომელიც ვერავითარ შედეგს ვერ გამოიღებს, გარდა სისტემის თვითლუსტრაციისა, მოქალაქეების ამ ჯგუფებმა სჯობს, გაამჟღავნონ, ვის დაუჭირეს მხარი არჩევნებზე და მათ რჩეულ პარტიებს მოსთხოვონ პასუხისმგებლობის აღება ქვეყნის ხვალინდელ დღეზე.

„თქვენ ყველანი ადევნებთ თვალს მსოფლიოში შექმნილ ვითარებას, იმ ესკალაციას და დაძაბულობას, რაც ბოლო პერიოდში არაერთი მიმართულებით შეინიშნება. ჩვენ სიმშვიდით და სიმტკიცით გადავიტანთ ამ რთულ პერიოდს, ვიდრე არ გავალთ სამშვიდობოს. მანამდე კი, როგორც მოგეხსენებათ, წლის ბოლომდე პარლამენტს აკისრია რამდენიმე მნიშვნელოვანი ვალდებულების შესრულება, დასამტკიცებელია ბიუჯეტი, ასარჩევია ახალი პრეზიდენტი, ამ გეგმას ჩვენ მეთოდურად და თანმიმდევრულად განვახორციელებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.