1756282010
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის შემდეგ თანამდებობაზე დარჩება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის შემდეგ თანამდებობაზე დარჩება. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
როგორც პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ასტა სკაისგირიტემ განაცხადა, პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სრულად ენდობა ბუდრისს და მასთან ერთად განიხილა 2028 წელს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე პრიორიტეტები.
თავად ბუდრისმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდინარე მიზნებს შორის არის ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზება.
ლიეტუვის მედიის ცნობით, პეკინსა და ვილნიუსს შორის ურთიერთობები 2021 წლის შემოდგომას გამწვავდა, როდესაც ლიეტუვამ ტაივანს თავისი წარმომადგენლობის გახსნის ნებართვა მისცა.
ლიეტუვის სეიმმა გუშინ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სოციალური დაცვისა და შრომის ყოფილი მინისტრის, ინგა რუგინენეს კანდიდატურა დაამტკიცა.რუგინენეს მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამის წარსადგენად 15-დღიანი ვადა აქვს.
ლიეტუვის სეიმში ინგა რუგინენეს კანდიდატურის დასამტკიცებლად კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართა, რაც ლიეტუვის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ კოალიციის ფორმირების შესახებ შეთანხმება გააფორმა პოპულისტურ პარტიასთან, „ნემანის განთიადთან“, „ლიეტუველი ფერმერებისა და მწვანეების კავშირთან“ და პრორუსული განწყობებით ცნობილ „ქრისტიანული ოჯახების ალიანსთან“.
ლიეტუვაში ახალი კოალიციის ფორმირება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ივლისში პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი ბიზნესკავშირების სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა.