ლიეტუვამ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო

ლიეტუვა

ლიეტუვამ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა შემოიღო. ამის შესახებ გამოცემა Delfi წერს.

ლიეტუვის მთავრობამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის საბჭოს მიერ იანვარში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელიც ქართველი დიპლომატებისა და თანამდებობის პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას გულისხმობს.

უვიზო რეჟიმის შეჩერება ეხება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებსა და მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც ასევე ვეღარ ისარგებლებენ გამარტივებული და იაფი პროცედურით გრძელვადიანი ვიზების მისაღებად.

შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მოთხოვნა ესტონეთის მთავრობამ 8 მაისს შემოიღო.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 მარტსაც გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს 83 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.