ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციაზე: ნამდვილად ფიქრობენ, რომ რევოლუცია მოაწყონ და ამ გზით შეცვალონ ხელისუფლება საქართველოში, მაგრამ ეს ასე ადვილი რომ არ არის, ამას თვითონაც ხვდებიან

ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან რევოლუციისთვის მზადების მცდელობა რეალურია. ამ თემაზე ანალიტიკოსმა, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

„ისინი ნამდვილად ფიქრობენ, რომ რევოლუცია მოაწყონ და ამ გზით შეცვალონ ხელისუფლება საქართველოში, მაგრამ ეს ასე ადვილი რომ არ არის, ამას თვითონაც ხვდებიან და სწორედ ამის გამო ხდება უამრავი თანხის მობილიზება და სხვადასხვა საერთაშორისო მოთამაშის მიერ მხარდაჭერის გამოცხადება ამ რადიკალური ძალებისადმი. ამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. მთავარი მიზეზი ის არის, რომ აქ დახვდათ პრინციპული ხელისუფლება, რომელიც იცავს სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებს და მეტწილად ზრუნავს ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებაზე და იმაზე, რომ საქართველო წავიდეს იმ გზაზე, რომელიც მას ქვეყნის განვითარებისთვის სწორად მიაჩნია. მაგრამ უცხოეთში არიან ძალები, რომლებსაც ეს არ მოსწონთ, უპირველეს ყოვლისა „დიფ სთეითი“. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ვინაიდან მათ ვერ მიიღეს ვასალი და მონა ხელისუფლება, რომელიც მათთვის უფრო ხელსაყრელია. ამის მაგალითები გვაქვს უკრაინასა და მოლდოვაში, - მიიჩნევს ნიკოლეიშვილი.

მისივე თქმით, რევოლუციისთვის საჭიროა ხალხის მხარდაჭერა და მოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტები, თუმცა საქართველოში ინსტიტუტები მაღალ დონეზე მუშაობს, ოპოზიციას კი ხალხის მხარდაჭერა არ აქვს. ნიკოლეიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ვერცერთი ოპოზიციონერი ლიდერი ვერ ასახელებს კონკრეტულ სამოქმედო გეგმავს, იმიტომ რომ გეგმა არ აქვთ. „ეს ყველაფერი კრახით დასრულდება“, - აცხადებს ნიკოლეიშვილი.