ლევან ნიკოლეიშვილი „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლის გასამართლებასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე: რა გამართლება აქვთ იმ ადამიანებს, ვინც მათ მხარს უჭერენ? სამართლებრივად ძალიან მარტივად წარმომიდგენია მათი გასამართლება

ლევან ნიკოლეიშვილი

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი „დღის ქრონიკასთან“, „ნაცმოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად ცნობასა და მის ამომრჩევლის გასამართლებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მოძრაობის ინიციატივაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

ლევან ნიკოლეიშვილის თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკურ ველზე ყოფნის დროს უხანგრძლივებს სწორედ მისი ამომრჩეველი.

„კრებსით „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომ ვსაუბრობთ არ იგულისხმება მხოლოდ პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“. ნუ დაგვავიწყდება გახარიას პარტია და ნუ დაგვავიწყდება ხაზარაძე, ეს ჯაშუშად ქცეული ადამიანები და რამდენი ზიანი მიაყენეს მათ სახელმწიფოს. ხომ არ გვავიწყდება გახარიამ რა ჩაიდინა ქვეყნის წინაშე, როდესაც ის გადადგა სპეციალურად და მისმა გადადგომამ და პოსტის დატოვებამ, როგორი არეულობა და რყევები გამოიწვია ქვეყანაში. ნუ დაგვავიწყდება ხაზარაძე, რომელიც ამართლებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა საქმიანობას. როგორი მევახშეობები ხდებოდა, როგორ ხდებოდა ღამით ქონებების გადაფორმება და ვინ იყო ამ ყველაფერში მონაწილე თუ არა ხაზარაძე?!

აქედან გამომდინარე, რა გამართლება აქვთ იმ ადამიანებს, ვინც მათ მხარს უჭერენ?

სამართლებრივად ძალიან მარტივად წარმომიდგენია მათი გასამართლება. მათი საქმეების აღრიცხვა უნდა მოხდეს, ვინ როგორ უჭერდა მხარს და რას აკეთებდა ამ მხარდაჭერაში და როგორ იქცეოდა“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.