ლევან მოსეშვილი: დღესდღეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები 16 ქვეყნის 32 მიმართულებითაა დანიშნული, აქედან 25 ევროპული მიმართულებაა

ლევან მოსეშვილი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება 14 წლის წინ დაიწყო და მგზავრთნაკადის მიხედვით, დღეს ის საქართველოში სიდიდით მეორე აეროპორტია, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა.

ლევან მოსეშვილის თქმით, 14 წლის განმავლობაში ქუთაისის აეროპორტში ბევრი რამ შეიცვალა - დაემატა ახალი სამგზავრო ტერმინალი, განვითარდა ინფრასტრუქტურა და გაიზარდა სერვისები. აეროპორტის წარმატების აღნიშვნისას მან ასევე ხაზი გაუსვა მგზავრთნაკადის ზრდის დინამიკას და თქვა, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი მიმართულებების დამატებაზე.

„როდესაც ქუთაისის აეროპორტი 14 წლის წინ გაიხსნა, პირველ წელს დაახლოებით 12,800 მგზავრი გვყავდა. 2025 წელს ეს მაჩვენებელი 1 მილიონ 800 ათას მგზავრამდე გაიზარდა. დღესდღეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები 16 ქვეყნის 32 მიმართულებით არის დანიშნული, აქედან 25 ევროპული მიმართულებაა. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ახალი ბაზრების ათვისებასა და მიმართულებების დამატებაზე. გვინდა ჩვენს მგზავრებს, მოსახლეობასა და ტურისტებს ხელი შევუწყოთ, რომ ევროპის სხვადასხვა მიმართულებასთან პირდაპირ დაკავშირება შეძლონ. ჩვენი მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა დიდი ქვეყანა, ქალაქი და დედაქალაქი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დავაკავშიროთ“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა.

ლევან მოსეშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 10 წელი შესრულდა ქუთაისში აეროპორტის მთავარი პარტნიორის, Wizz Air-ის ბაზის გახსნიდან. მან უნგრულ ავიაკომპანიას მიულოცა და წარმატება უსურვა.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

✕