ლევან მახაშვილი: თუ ევროკავშირს და ბრიუსელს აქვს იმის სურვილი, რომ ევროკავშირი დარჩეს უსაფრთხოების, ენერგეტიკული, სატრანსპორტო დერეფნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად, მაშინ საქართველოსთან ურთიერთობა აუცილებელია

ლევან მახაშვილი

ევროკომისიის კვლევა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“ შეაფასა.

მისი თქმით, ეს კვლევა ერთგვარი აღიარებაა, რომ აუცილებელია საქართველოსთან თუნდაც დიალოგი, ჩართულობა, დისკუსიების წარმოება.

„ჩვენ შეიძლება ბევრი პოლიტიკოსისგან გვესმოდეს პოლიტიკური შეფასებები, მცდელობა, რომ გარიყონ საქართველო პოლიტიკური პროცესებისგან, მაგრამ ამ [ევროკომისიის] ანგარიშმა წერტილი დაუსვა ყველა ასეთ სპეკულაციას, რადგან ხაზი გაუსვა იმ კრიტიკულად მნიშვნელოვან სტრატეგიულ როლს, რაც აქვს საქართველოს.

ეს ერთგვარი აღიარებაა, რომ აუცილებელია საქართველოსთან თუნდაც დიალოგი, ჩართულობა, დისკუსიების წარმოება. თუ ევროკავშირს და ბრიუსელს აქვს იმის სურვილი, რომ ევროკავშირი დარჩეს უსაფრთხოების, ენერგეტიკული, სატრანსპორტო დერეფნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად, მაშინ საქართველოსთან ურთიერთობა აუცილებელია“, - აღნიშნა მახაშვილმა.

ევროკომისიისთვის საქართველო „შუა დერეფანია - „კარიბჭე“ და რეგიონული ენერგეტიკული, თუ ციფრული ჰაბი - ევროკომისიამ მეტა კვლევის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგება. ხაზგასმულია, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი გზაა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე პირდაპირ აისახება.