თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1772814535
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები ახალი არ არის. მახაშვილის თქმით, ეს ზურაბიშვილის სტილი და სტრატეგიაა.
მახაშვილმა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ „არიან პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში, ხან „ოცნების“ გზავნილებსა და სხვა პარტიებზე „ოცნების“ დარტყმებს იმეორებენ. ესენი არიან მოღალატეები და მათთან ერთად ძალიან ძნელია ერთობა, მაგრამ მაინც მივაღწევთ“.
„პოპკორნს მივირთმევთ და ვაკვირდებით, ერთმანეთს როგორ შეჭამენ. თავად გაერკვნენ და ჩამოყალიბდნენ, ვინ ვინაა, რადგან საზოგადოებამ კარგად იცის, რა უკეთებიათ ქვეყნისთვის, ხალხისთვის და დღეს რას აკეთებენ, როცა ერთი სული აქვთ, რომელიმე ქართულ სკოლას დრონი დაეცეს და ააფეთქონ. გახარიელების დამცველად ვერ გამოვდგები, მაგრამ როდესაც საუბარია პარლამენტზე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის პატივისცემაზე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებს, მით უმეტეს, ყოფილი პრეზიდენტი, რომლის უპირველესი მოვალეობა უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა და პატივისცემა, ყოვლად მიუღებელია მსგავსი ტიპის შეფასებები. ჩვენ სხვა ვერავის დამცველად ვერ გამოვდგებით, მაგრამ ყველას მოვუწოდებთ, პატივი სცენ არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებმაც მხარდაჭერა გამოხატეს ამა თუ იმ პარტიის მიმართ, სულ მცირე, ამის გამო უნდა გააკეთონ ნორმალური განცხადებები. ამ ტიპის ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ახალი არ არის, ეს მისი სტილი და სტრატეგიაა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ამასთან, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ დღეს სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა: „სხვის ღალატზე ვიდრე ისაუბრებენ, საკუთარ მოღალატეობრივ მოქმედებაზე ისაუბრონ, ისტორია შეაფასებს, ვინ არის მოღალატე“.