ლევან მახაშვილი: როგორც კი მარცხი განიცადეს, ერთმანეთის მიყოლებით გაურბიან პასუხისმგებლობას, ჩაძირული გემიდან ერთმანეთის მიყოლებით ხტებიან

ლევან მახაშვილი

როგორც კი მარცხი განიცადეს, ერთმანეთის მიყოლებით გაურბიან პასუხისმგებლობას, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა 4 ოქტომბრის აქციაზე და მის გარშემო განვითარებულ პროცესებზე საუბრისას.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ახლა ისინი „ჩაძირული გემიდან ერთმანეთის მიყოლებით ხტებიან“.

„მაშინ როდესაც ხმამაღალი ოვაციებით ამხნევებდნენ იმ მოძალადე ჯგუფებს, რომლებიც არბევდნენ თბილისის ქუჩებს, ყველა ომახიანად იყო და რევოლუციურ ნაპერწკლებზე საუბრობდნენ. როგორც კი მარცხი განიცადეს, ერთმანეთის მიყოლებით გაურბიან პასუხისმგებლობას. ერთმანეთის მიყოლებით წირავენ თავიანთ ეგრეთ წოდებულ თანამებრძოლებს“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

4 ოქტომბერს, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეიჭრნენ. მათ ჯებირები დააზიანეს და ეზოში შეღწევა შეძლეს, თუმცა, მათ სამართალდამცველებმა ეზო მალევე დაატოვებინეს.

სასახლესთან განვითარებული მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს.

ჩავარდნილი სცენარის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლები დამხობის მცდელობისგან გამიჯვნას ცდილობენ.