ლევან მახაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებებზე: ამ ადამიანებს მარტივად შემიძლია ვუთხრა, ჩაიხედონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში

ლევან მახაშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე ევროდეპუტატების განცხადებები ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მკაფიო მაგალითია.

„ეს [განცხადებები] არის ფაქტობრივად აღიარება, რომ იყვნენ აქ [საქართველოში], ერეოდნენ წინასაარჩევნო, შიდაპოლიტიკურ პროცესებში. ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც გვაქვს. ეს არ არის კანონიერი, მათ შორის იმიტომ, რომ ეს ევროპაშიც არ არის კანონიერი. წარმოუდგენელია იქ რომელიმე უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ჩაერიოს. თუ ასეთი ჩარევა არის, ხედავთ როგორი ხისტი დამოკიდებულება აქვთ ნებისმიერ მცდელობასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილზე არაერთი ძალიან უხეში დეზინფორმაცია და ტყუილი იყო გავრცელებული. წინა რეზოლუციებიც ვნახეთ, სადაც სააკაშვილზე იყო საუბარი. ყველა შემთხვევაში, ამ ადამიანებს [ევროპარლამენტარებს] მარტივად შემიძლია ვუთხრა, ჩაიხედონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში“, - აღნიშნა მახაშვილმა.