VIDEO: ვრცელდება მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ამოყვანის კადრები
1741090357
უკრაინის დასახმარებლად ყველაფერი გავაკეთეთ, რაც კი შეგვეძლო საგარეო პლატფორმებზე გაგვეკეთებინა. უკრაინის მხარდასაჭერად შევუერთდით 600 რეზოლუციას, შევიფარეთ ათობით ათასი უკრაინელი და დავუნიშნეთ სოციალური დახმარება. ჰუმანიტარული დახმარებით დღესაც მსოფლიოს მოწინავე პოზიციებზე ვართ. ერთადერთი არ გავაკეთეთ ის, რომ ამ ომში არ მივიღეთ მონაწილეობა, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
ლევან მაჭავარიანის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე, უკრაინაში მოლაპარაკების ან დიპლომატიის გზით ომის დასრულებაზე, არავის უზრუნია. ხოლო, როდესაც დონალდ ტრამპმა ამისათვის აქტიური ნაბიჯები გადადგა, ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს მის წინააღმდეგ, რომელშიც ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები და მათ შორის ქართული ოპოზიციაც, ვინაიდან ყველანი „დიფ სთეითს“ ემსახურებიან.
„დღეს ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია, როგორი საუბარი იყო დახურულ კარს მიღმა, ვინ იჯდა მეორე მხარეს და რა მითითებებს გვაძლევდა. როდესაც ომში ჩართვის გზამ არ გაჭრა, შემდეგ შემოგვთავაზეს 3 სხვადასხვა ქმედება. პირველი იყო რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რაც ავტომატურად ჩვენი ეკონომიკის ნგრევას გამოიწვევდა. მეორე, მთავრობის ოფიციალური თანხმობით, ჩვენ მოხალისეებით სავსე ჩარტერული რეისი უკრაინაში საბრძოლველად უნდა გაგვეგზავნა, რაც რუსეთთან პირდაპირ ესკალაციას გულისხმობდა. შეგახსენებთ, რომ ასეთი მოთხოვნა არცერთი ქვეყნისთვის არ წაუყენებიათ. მესამე მოთხოვნა იყო, რომ ჩვენი შეიარაღება გადაგვეცა უკრაინისთვის. როდესაც მყარად დავდექით და ამ მოთხოვნების შესრულებაზე უარი განვაცხადეთ, შემდეგი გეგმა იყო რევოლუციური გზით ჩაენაცვლებინათ „ქართული ოცნება“ და აგენტურა მოეყვანათ ხელისუფლებაში“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ საქართველოში დაპირისპირების მუხტი გაეზარდათ, დაიწყო ბიძინა ივანიშვილის შანტაჟი, ზელენსკიმ გაიწვია ელჩი, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩებმა კი დემარში მოაწყვეს.
„არჩევნებიც რომ წააგეს, დელეგაციებს აგზავნიდნენ იმისთვის, რომ აქ სცენაზე ასულიყვნენ და „მაედანიზაციისთვის“ მოეწოდებინათ, მაგრამ ჩვენ ძალიან მყარად დავდექით. ყოველთვის ასე მყარად ვიდგებით, არ აქვს მნიშვნელობა როგორი შანტაჟი და წნეხი იქნება, „ქართული ოცნება“ ყოველთვის იქნება მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი საქართველოში“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.