ლევან მაჭავარიანი: „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად იბრძვის შიდა და გარე მტრებთან, რომ ჩვენი სამშობლო იყოს უფრო დამოუკიდებელი და სუვერენული

ლევან მაჭავარიანი

ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით, რომ უამრავი პროტესტი მოაწყვეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, მინდა მივმართო იმ დემონსტრანტებს, რომლებსაც ჩვენ გულწრფელ დემონსტრანტებს ვეძახით, რომლებიც უბრალოდ შეცდომაში არიან შესულები. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ არც რადიკალური პარტიებისა და მდიდარი „ენჯეო“ ორგანიზაციების აქტივისტებს, არც უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ მხარდამჭერებს. აქცენტს ვაკეთებ ბატონი გახარიას და ბატონი ხაზარაძის მხარდამჭერებზე, რომლებიც, სამწუხაროდ, ვერ ხვდებიან, რომ ეს ორივე პარტია კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს. მათი დღის წესრიგი თავიდან ბოლომდე შეთანხმებულია და დავალებებს უცხოეთიდან იღებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა ხანში უკვე ისინიც დარწმუნდებიან, რომ ეს ორივე პარტია ჯამში არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ბევრი ისეთ ფაქტი მოხდა, რომელიც ამ ადამიანებს არათუ არ გაუპროტესტებიათ, არამედ ერთი ფეისბუქპოსტიც არ გამოუქვეყნებიათ.

„ერთი კითხვა მაქვს თქვენთან - თქვენ თავთან მარტო რომ დარჩებით ერთი ფაქტი მაინც გაიხსენეთ რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე ან რით გაზარდა რუსული გავლენები საქართველოში. ამასაც ვერ გაიხსენებთ! ჩვენ დამოუკიდებლობა ავირჩიეთ 34 წლის წინ. დამოუკიდებლობას სჭირდება შენარჩუნება და განმტკიცება, მუდმივი ბრძოლა და „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად იბრძვის შიდა და გარე მტრებთანაც, რომ ჩვენი სამშობლო იყოს უფრო დამოუკიდებელი და უფრო სუვერენული. თხოვნა მაქვს თქვენთან - გვერდში დაგვიდექით ამ დიდ ბრძოლაში. გვერდში დაგვიდექით ამ ეროვნულ საქმეში იმიტომ, რომ ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.