ლევან მაჭავარიანი: პარტნიორების, მეგობრების რჩევას ყოველთვის გავითვალისწინებთ, მაგრამ გამორიცხულია ისეთი რჩევა, ან მითითება გავითვალისწინოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება

ლევან მაჭავარიანი

პარტნიორების, მეგობრების რჩევას ყოველთვის გავითვალისწინებთ, მაგრამ გამორიცხულია ისეთი რჩევა, ან მითითება გავითვალისწინოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.

წამყვანმა ჰკითხა, რა ლოგიკა შეიძლება მოეძებნოს იმას, რომ ასეთი გამძაფრებული ინტერესი არსებობს საქართველოს მიმართ უკრაინა-რუსეთის ომის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ.

„[ომის დაწყების] პირველივე დღიდან იყო სურვილი არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, გინდ გლობალური ომის პარტია დავუძახოთ და გინდ „დიფ სთეითი“, როგორც დონალდ ტრამპი ეძახის, საქართველო საომარ მოქმედებებში ჩართულიყო. ამის მიზეზი იყო ის, რომ უფრო გაჭიანურებულიყო ომი და მეტი პრობლემა შეჰქმნოდა რუსეთს, თუმცა ამით ჩვენი ქვეყანა განადგურდებოდა. სამწუხაროდ, ვატყობთ, რომ ეს ომი ვერ სრულდება მიუხედავად ბატონი დონალდ ტრამპის ბევრი და სერიოზული მცდელობებისა.

ომის გაჭიანურება სჭირდებათ ამ ძალებს და საქართველო არის მათი გადმოსახედიდან ქვეყანა ამ ყველაფრისთვის. სტატისტიკისთვის ვჭირდებით და ჩვენ თავს არავის გამოვაყენებინებთ. ჩვენი მოქალაქეები ამ ოთხი წლის განმავლობაში დარწმუნდნენ, რომ ძალიან სერიოზულ წნეხს, შანტაჟს გავუძელით იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს უკან ჩვენი ქვეყანაა და გამორიცხულია რაიმე ისეთი ნაბიჯი გადაგვადგმევინონ, რომელიც საფრთხის წინაშე დააყენებს ქვეყანას. პარტნიორების, მეგობრების რჩევას ყოველთვის გავითვალისწინებთ, მაგრამ გამორიცხულია ისეთი რჩევა, ან მითითება გავითვალისწინოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.