ლევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ცდილობს ხელი შეგვიშალოს, მაინც ჯანსაღი მოლოდინის რეჟიმში ვართ. ვიმედოვნებთ, ეს განხილვები დაეფუძნება ფაქტებს, არგუმენტებს, რეალობას და არა აღქმებს

ლევან მაჭავარიანი

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ცდილობს ხელი შეგვიშალოს და ეს უკვე ყველასთვის ცხადია, ის გაგზავნილი წერილები და ა.შ. ჩვენ მაინც ჯანსაღი მოლოდინის რეჟიმში ვართ, ვინაიდან, იმედი გვაქვს, რომ ეს განხილვები დაეფუძნება ფაქტებს, არგუმენტებს, რეალობას და არა აღქმებს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა სტრასბურგში 27 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებატების გახსნასთან დაკავშირებით.

კერძოდ, ლევან მაჭავარიანმა უპასუხა კითხვას, „რამდენიმე დღეში სტრასბურგში იწყება საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია, რომელშიც ქართული დელეგაციაც მონაწილეობს და როგორც ცნობილია, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს საქართველოს საკითხი. კერძოდ, დელეგაციის წევრების მანდატების არ ცნობა. რა ტიპის კავშირები აქვს სესიის დაწყებამდე და რა შანსები სესიის გახსნის შემდეგ საქართველოს დელეგაციას ხელი შეუშალოს მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას“.

„მაშინ, როდესაც წლების წინ, როდესაც ჯერ კიდევ ბატონი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა PACE-ს დელეგაციას, ჩვენ დავაყენეთ დღის წესრიგში, სხვათა შორის, რუსეთის დელეგაციისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხი, რომელიც არ გადაწყვიტეს. შესაბამისად, ახლა როდესაც ჩვენ გვაბრალებენ თითქოსდა რუსეთთან დაახლოებას, როდესაც ფიზიკურად არანაირი არგუმენტი არ არსებობს და არავის შეუძლია ერთი მაგალითი მოგვიყვანოს, ამ საბაბით რაიმეს შეჩერება და აკრედიტაციის არ გაგრძელება ცოტა აბსურდული მიზეზი იქნებოდა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, პარლამენტი, თვითონ საპარლამენტო PACE-ს დელეგაცია, რომელსაც ქალბატონი თეა წულუკიანი უძღვება, ძალიან აქტიურად მუშაობს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი ელჩი, ქალბატონი ტალიაშვილი თვითონ ევროპის საბჭოში და შესაბამისად, მოლოდინი ჯანსაღია“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, ამ თემის შესაძლო დღის წესრიგში დაყენების საკითხი ოპოზიციის მიერ გაგზავნილი წერილების და მცდელობების შედეგია თუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ვიზიტმაც იქონია გარკვეული გავლენა.

„არა, ჩვენ როგორც კომენტარები უკვე გავაკეთეთ, თანამომხსენებლებთან ჩვენ გვქონდა ძალიან საქმიანი და ნაყოფიერი შეხვედრები. ისინი ფლობდნენ, რა თქმა უნდა, ინფორმაციას მხოლოდ ცალმხრივად. როდესაც შეხვედრებს ატარებდნენ, „ენჯეოს“ წარმომადგენლებთან, რადიკალური ოპოზიციის მედია საშუალებების წარმომადგენლებთან, შემდეგ ვიზიტი ჰქონდათ უკვე პარლამენტში ჩვენთან, დელეგაციასთან, მანამდე პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ, შემდეგ უკვე შეხვედრა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში. ანუ, ყველა დონის ვიზიტი იყო. პრემიერს შეხვდნენ საბოლოოდ და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მიწოდებული იყო აბსოლუტურად ყველანაირი ინფორმაცია და ეს ვიზიტი შეეხებოდა წინა საარჩევნო პერიოდს, არჩევნების პერიოდს, ეუთო/ოდირის დასკვნას. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით. შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, აქციის თემებს და ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში მოხდა ეს ყველაფერი.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მათ ვიზიტს არ უკავშირდება, ეს უკავშირდება ოპოზიციის და მათი გარე მფარველების გაშმაგებულ ქმედებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს დისკრედიტაცია მოხდეს ევროპულ და მსოფლიო არენაზე ზოგადად. მე შემიძლია ამის მაგალითი მოვიყვანო. 18 ნოემბერი იყო თუ არ ვცდები, როდესაც ე.წ. დანოსი გააგზავნეს ბელგიაში ოთხივე რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიამ, მათი ხელმოწერები ამ წერილზე არსებობს, სადაც ევროკავშირს სთხოვდნენ ჯერ კიდევ ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტას საქართველოსთან. არანაირი ვიზიტი, არანაირი ურთიერთობა, დიპლომატიურ დონეზე, ყველანაირი დახმარებები თუ მოაზრებული ჰქონდათ, მიმართეთ „ენჯეო“ სექტორისკენო და ა.შ. ეს ჩვენთვის, ქართველებისთვის ახალი არ არის, ვინაიდან გვახსოვს როგორ იყვნენ ისინი დაკავებულები იმით, რომ როდესაც კანდიდატის სტატუსი ავიღეთ, დადიოდნენ სხვადასხვა კაბინეტებში, ბრიუსელში და არწმუნებდნენ, რომ კანდიდატის არ უნდა მოეცათ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.