ლევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატია მოწოდების სიმაღლეზე არ არის, რაზეც არა მარტო „ქართული ოცნება“ და აშშ-ის ადმინისტრაცია, ევროკავშირშიც სერიოზული საუბრებია, საკუთარ პრობლემებს მიხედონ

ლევან მაჭავარიანი

ევრობიუროკრატია და ევროკავშირის მმართველი კლასი მოწოდების სიმაღლეზე ნამდვილად არ არის, რაზეც არა მარტო „ქართული ოცნება“ და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია, არამედ ევროკავშირშიც ძალიან სერიოზული საუბრები, დაპირისპირებებია. საკუთარ პრობლემებს მიხედონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კაია კალასი დააკვირდეს, რას ეუბნებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ეუბნებიან, გადადგეს.

„ცოტა ხნის წინ ანალოგიური განცხადება გააკეთა ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, რომ ქალბატონი კალასი, მისი „პროფესიონალიზმიდან“ გამომდინარე, თანამდებობას არ შეესაბამება. ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემაც თქვა, რომ  ქალბატონი კალასის ხელში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მომავალი ძალიან ბუნდოვანია. ასეთ პრობლემებში იმყოფებიან, ამიტომ კეთილი ინებონ და საკუთარ საქმეს მიხედონ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ორმაგი სტანდარტიც აღარ არის, როდესაც ამბობენ, რომ გამჭვირვალობა აუცილებელია, მაგრამ საქართველოს გამჭვირვალობა არ სჭირდება.

„ძალიან ბევრი მაგალითი ვიხილეთ, სადაც უსტანდარტობაზე შეგვიძლია, ვისაუბროთ. ორმაგი სტანდარტიც აღარ არის, როდესაც ამბობენ, გამჭვირვალობა აუცილებელია, მაგრამ გამჭვირვალობა საქართველოს არ სჭირდებაო. მათი ინტერესია, რომ მათივე დაფინანსებული, ე.წ. მდიდარი ენჯეოებით კონკრეტული სიტუაციები მართონ. მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ცხრა რეკომენდაცია როდესაც დაგვიდეს, ერთ-ერთი იყო, თურმე ჩვენი ხელისუფლების ყველა შტოს მაღალ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში „ენჯეო“ უნდა ჩაგვერთო, ანუ ნინო ლომჯარია და ეკა გიგაური უნდა ყოფილიყვნენ იმ მაგიდაზე, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ 28 იანვარს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება მომზადდა. კერძოდ, კირცხალიას თქმით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. ასევე საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენ ვართ ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლებების მომხრე და პრესის თავისუფლება ერთ-ერთი მათგანია. ამიტომ ჩვენ აუცილებლად ველოდებით, რომ გადავდგამთ ნაბიჯებს მათ წინააღმდეგ, ვინც ამას ახორციელებს“.

ამასთან, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა: „არ შემიძლია, მხარი დავუჭირო მთავრობას, რომელიც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს, გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, მხარს ვუჭერთ მედიას, გთხოვთ, გამაგრდით“.