ლევან მაჭავარიანი - "ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი ხალხი გამოიღვიძებს და ამისი ნიშნები უკვე შეიმჩნევა, ის ბიუროკრატებიც ადრე თუ გვიან ჩანაცვლდებიან, რომლებიც მიზანმიმართულად მიაქანებენ ევროპის კავშირს უფსკრულისკენ"

ლევან მაჭავარიანი

ევროკავშირში არსებულ კრიზისზე ევროპელი ლიდერებიც საუბრობენ და ორგანიზაციასთან მიმართებით არც მწვავე კრიტიკას იშურებენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ღიად აცხადებს, რომ ევროკავშირი რადიკალურად უნდა რეორგანიზდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაშლა ემუქრება.

იმ კრიზისზე, რაზეც დღეს ევროპაში საუბრობენ, თბილისი დიდი ხანია მიუთითებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროპელი ბიუროკრატები უპასუხისმგებლო ნაბიჯებით, ორგანიზაციას უფსკრულისკენ მიაქანებენ.

"დღევანდელ ბიუროკრატიაში რა პრობლემებიც არის, ამაზე ამერიკის შეერთებული შტატებიც ძალიან ღიად საუბრობს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი ხალხი გამოიღვიძებს და ამისი ნიშნები უკვე შეიმჩნევა. ამის ძალიან კარგი მაგალითია ჩეხეთი და ჩვენ, დარწმუნებული ვართ, რომ პატრიოტულ ძალებზე გააკეთებს ევროპის მოსახლეობა აქცენტს, ისეთ ძალებზე, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი ქვეყნის იდენტობა, სუვერენიტეტი, ისევე როგორც "ქართული ოცნებისთვის". ის ხელდასმული ბიუროკრატებიც ადრე თუ გვიან, ჩანაცვლდებიან, რომლებიც მიზანმიმართულად მიაქანებენ ევროპის კავშირს უფსკრულისკენ. არის სერიოზული პრობლემა იდენტობის ნაწილში, რომელიც გამოიწვია ამ უკონტროლო მიგრაციამ, არია პრობლემები ეკონომიკის ნაწილში, როდესაც უკვე ფაქტობრივად 4 წელია ეკონომიკა არ იზრდება. კი ბატონო, დღეს თუ იქ ცხოვრების მაღალი დონეა, ეს გამოწვეულია მხოლოდ იმით, რა სიმდიდრეც ევროკავშირს ინერციით მოჰყვება," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.