ლევან მაჭავარიანი აშშ-სთან ურთიერთობაზე: ბურთი მათ მოედანზეა და იციან ჩვენი მზადყოფნა, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით მათთან ერთად და დროსა და სივრცეში გავწერთ გზამკვლევს, სადაც ორივე მხარის ინტერესები იქნება ასახული

ლევან მაჭავარიანი

ბურთი მათ მოედანზეა და იციან ჩვენი მზადყოფნა, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით მათთან ერთად და დროსა და სივრცეში გავწერთ გზამკვლევს, სადაც ორივე მხარის ინტერესები იქნება ასახული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა აშშ-სთნ ურთიერთობებზე.

წამყვანმა ჰკითხა, რა მოლოდინი აქვს საქართველოს ხელისუფლებას მულტივექტორული პოლიტიკისგან.

„გვინდა, ყველა ფრონტზე იყოს გახსნილი ურთიერთობების გამყარება. ვერავინ დაგვზრახავს, რომ იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებთან რაიმე გვაქვს დაკლებული ურთიერთობების ახალი ნიშნულით დაწყებისათვის. ღიად ვგულშემატკივრობდით ბატონი ტრამპის მოსვლას ხელისუფლებაში, რადგან თანხვედრაა პოლიტიკურ შეხედულებებში, ღირებულებებით ნაწილში, რუსეთ-უკრაინის ომის, „ენჯეო სექტორის“ შეფასებაში, ევრობიუროკრატებთან პრეტენზიებში.

ჩვენი მხრიდან ვიხილეთ ღია წერილი და ყველაფერი, რაც გაკეთებული გვაქვს იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები აღდგეს. მათ იციან ჩვენი პოზიცია. ვიზიტიც ვიხილეთ, საკმაოდ პოზიტიური, ადმინისტრაციის წარმომადგენლების საქართველოში. ბურთი მათ მოედანზეა და იციან ჩვენი მზადყოფნა, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით მათთან ერთად და დროსა და სივრცეში გავწერთ გზამკვლევს, სადაც ორივე მხარის ინტერესები იქნება ასახული.
რაც შეეხება ევროკავშირს, ბრიუსელი სამწუხაროდ, ისევ გაბუტვის რეჟიმშია იქიდან გამომდინარე, რომ უარი განვაცხადეთ „პროქსი სახელმწიფოდ“ საქართველოს გამოცხადებაზე. რაც მალე გაუსწორებენ რეალობას თვალს, მით უკეთესი.

ცალკეულ ქვეყნებთან ვაყალიბებთ ურთიერთობებს, ვიყენებთ აბსოლუტურად ყველა პლატფორმას. ბატონი შალვა პაპუაშვილი ჩეხეთში იმყოფება. მანამდე იყო იტალიაში. ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია იყო მანამდე ჩეხეთში, ლუქსემბურგში და ეს დროის ძალიან მცირე მონაკვეთში მოხდა. პრემიერი იყო გაეროში, მანამდე საფრანგეთში. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბრიუსელის „გაბუტული რეჟიმის“ მიუხედავად, დრო არ დავკარგოთ და გავაღრმაოთ ურთიერთობები ცალკეულ ქვეყნებთან“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

✕