ლევან მაჭავარიანი: აქციებზე ხალხის რაოდენობა დრამატულად იკლებს

ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული პროცესები შეაფასა და აღნიშნა, აქციებზე ხალხის რაოდენობა დრამატულად იკლებს.

„აქციებზე ხალხის კლება გამოწვეულია გულწრფელი დემონსტრანტების კლებით, რადგან ვინც რადიკალური ქმედებებისთვის არიან მისულები, ისინი თავიანთ რადიკალიზმს აგრძელებენ. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გულწრფელი პროტესტისთვის დადიოდა აქციაზე, რამდენიმე ფაქტმა გააღიზიანა.

ერთ-ერთი ასეთი ფაქტია, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკოსებს პირდაპირ მოუწოდა, რომ პოლიტიკა სკოლებში შევიტანოთო. ეს ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მხარეს არ წარმოადგენს, აბსოლუტურად მიუღებელია. ბოლო დღეებში, იქ, ასევე ვიხილეთ სატანისტური რიტუალები. ასეთი თემებიც ნორმალური ადამიანისთვის მიუღებელია.

ის ადამიანები, რომლებიც გულწრფელი პროტესტისთვის იყვნენ მისულები, დღეების განმავლობაში აკვირდებოდნენ, რომ მიმდინარეობდა მშვიდობიანი აქცია, შემდეგ კი რადიკალების დიდი ჯგუფი გადადიოდა პოლიციელებზე შეტევაზე. დემონსტრანტები იმანაც დააფიქრა, რომ პრემიერმა პირდაპირ ეთერში სამჯერ მოუწოდათ, რომ ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ გამოთქვას სურვილი და ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ დიალოგი გავმართოო. ამაზეც უარი განაცხადეს და მოსახლეობის ნაწილი დაფიქრდა, თუ არგუმენტები არსებობს, რატომ თქვეს უარი საჯარო დისკუსიაზე პრემიერ-მინისტრთან“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.