ლევან ხაბეიშვილი: ორი თვის განმავლობაში სათქმელი დამიგროვდა, ანალიზი გავაკეთე, პოლიტიკოსს პოლიტიკური განცხადებები ედება ბრალად? ვმუშაობ, რომ შურისძიება არ მამოძრავებდეს, არანაირი იმედი არ მაქვს

ლევან ხაბეიშვილი

ამ ორი თვის განმავლობაში სათქმელი დამიგროვდა და მინდა, პოზიცია გამოვხატო, ანალიზი გავაკეთე. მინდა, სოლიდარობა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ქვეყნის უკეთესი მომავალი სურთ და ციხეში არიან გამოკეტილი, მინდა, სასამართლოს, საზოგადოებას სხვა რამ დავანახო, სასამართლო არ უნდა იყოს დაწესებულება, სადაც ადამიანი ელოდება, რომ აიყვანენ და ჩამოახრჩობენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ხაბეიშვილის განცხადებით, მას ბრალად ედება პოლიტიკური განცხადების გაკეთება, რაც გაუგებარია.

„როცა აქ მოვდივარ, მინდა, 0,5% მაინც მქონდეს იმედი, რომ სამართალს ვიპოვი. როცა ჩემზე ვსაუბრობ, ვსაუბრობ ასობით დატყვევებულ ადამიანებზე. სასამართლოს ლეგიტიმაცია იმისთვის კი არ მივეცით, დაგვსაჯეთ, დილეგებში ჩაგვყარეთო, რამდენი ადამიანი მოწყვტეთ შვილებს, ოჯახებს, სამართალი ჰუმანური უნდა იყოს. ვერ ვპოულობ სამართალს, რისთვის ვზივარ ორი თვეა, ბრალად რა მედება? რამე მოქმედება მედება ბრალად? პოლიტიკოსს, ლევან ხაბეიშვილს პოლიტიკური განცხადებები ედება ბრალად? თუკი, ხელისუფლებაში მოვიდოდი, დაჯილდოვდებოდნენ. პოლიტიკური დაპირება არ შეიძლება, ქრთამად ჩაითვალოს. პოლიტიკოსი პოლიტიკური განცხადების ტუსაღობაში იყოს, გაუგებარია. თუ ვიტყოდი, კონსტიტუციური წყობილება არ მომწონს, დავამხოთ-მეთქი, კი ბატონო, ეს იქნებოდა დამხობა. გინახავთ, ლოზუნგი „ცეცხლი ოლიგარქიას“, ეს იმას ნიშნავს, რომ ცეცლხით უნდა გადავწვათ? გსმენიათ ლოზუნგი, „სისტემა უნდა დაინგრეს“, თქვენ რა გგონიათ, პერფერატორით უნდა დავანგრიოთ? მადლობა პროკურატურას, ფაქტობრივად, მაგისტრატურაზე ვარ რუსთავის დაწესებულებაში იმდენ ლიტერატურას გავეცანი. ორი შვილი მყავს, მათაც დაააკლდათ მამა. როგორ შეიძლება ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებისთვის საშიში იყოს? ღარიბაშვილი კორუფციონერია-მეთქი რომ ვამბობდი, შე მასხარა, მატყუარაო ამბობდნენ. მოვიდა აქ, თავი ჩახარა, კი, გავაკეთეო. არ შეიძლება სამართალი ადამიანის გაჭყლეტაზე, გასრესვაზე და იმაზე იყოს დაფუძნებული, ვინ რა დავალებას მისცემენ. ფარცხალაძეზე რომ ვამბობდი, „ეფესბეს“ აგენტია, მასხარაა, კეზერაშვილმა დააფინანსაო, ამბობდნენ. მიქაუტაძეზე რომ ვთქვი პარლამენტში ეს როგორ მოიყვანეთ-მეთი, ოთხ წელში დააკავეს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, პროკურატურის განცხადება, რომ მისი მიმალვის საფრთხეა და ამიტომ პატიმრობაში უნდა იყოს, „ანეკდოტია“.

„არანაირი იმედი არ მაქვს, ჩემი ორი ფანჯარა ღია დავტოვე, რომ ჰაერი შევიდეს. ხომ ხართ მოსამართლე? დამანახეთ სად არის ეს სამართალი. პროკურორი ამბობს, ხაბეიშვილის მიმალვის საფრთხეაო, ანეკდოტია. საჯაროდ გავაკეთე ყველა განცხადება, რა უნდა გავანადგურო, ტელეფონი გახსნან, განვადებით მქონდა ნაყიდი, წაიღეს და ვერ გახსნეს. ადამიანი უნდა მორბოდეს სასამართლოში, მისი დანახვა უნდა უხაროდეს. იცით რაშია საქმე? საზოგადოებას სძულს, ეზიზღება სასამართლო. სად არის ქრისტიანობა დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაში? მე ნაწამები ვარ, გაგიკვირდებათ და დაზარალებულად ვარ ცნობილი. გამიტაცეს, მაწამეს და სამართალი ვერ ვიპოვე. ჩემს პოლიტიკურ განცხადებაზე უნდათ პასუხი მაგებინონ და აქამდე არავინ დაუკავებიათ, მე ადამიანი არ ვარ? ვენდეტა არაა ჩემი წამების საქმეში, ვინც მიიღო მონაწილეობა? ხარებაა თუ ვინცაა. ვმუშაობ, რომ შურისძიება არ მამოძრავებდეს. ჩემი შვილები 16 და 14 წლის არიან, იცით, რა ვუთხარი? რომ შურისძიება არ განიზრახონ, ეს გულში არ ჩაიდონ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

სუს-მა 11 სექტემბერს ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა.