პრეზიდენტმა დიპლომატებთან საგანგებო შეხვედრა ჩანიშნა
1732805477
საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შემუშავებული აქვს უმუშევრობის შესამცირებელი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ შედეგები მოსახლეობამ იგრძნოს არა დახმარებების გაცემის გზით, არამედ დასაქმებით, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი იქნება გათვალისწინებული მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების გზით.
„მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ მოსახლეობამ იგრძნოს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგები. აქედან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს დასაქმებით და არა დავუშვათ სოციალური დახმარებების ზრდის გზით, არამედ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული შემოსავალი, თავიანთი შრომის ანაზღაურება იყოს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი წყარო მათი კეთილდღეობის. აქედან გამომდინარე, ჩვენი აქცენტი ზუსტად დასაქმებაზე იქნება გაკეთებული მომავალ წლებში“, - განაცხადა დავითაშვილმა.
დავითაშვილმა აღნიშნა, რომ პროგრამაში დეტალურად არის აღწერილი რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დასაქმების დონე გაიზარდოს. ამისთვის, საჭიროა მეწარმეობის ხელშეწყობა, აღნიშნა მინისტრმა.
„ჩვენ გვჯერა, რომ კერძო სექტორი ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამ კუთხით ჩვენ გავაგრძელებთ „აწარმოე საქართველოს“ პროგრამებს, ამ მიმართულებით მილიარდ-ნახევარ ლარზე მეტი დაიხარჯება. ჩვენი მოლოდინია, რომ 11 ათასი მეწარმე - სუბიექტი ისარგებლებს „აწარმოე საქართველოს“ სხვადასხვა პროგრამით, რომელიც საშუალებას მისცემს არსებულ და ახალ მეწარმეებს გააფართოონ თავიანთი წარმოება და დაასაქმონ ახალი ადამიანები“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იქნება ძალიან აქტიური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების წახალისების მიმართულებით იმისთვის, რომ საქართველოში მეტად გაიზარდოს პროდუქტიულობა, გაჩნდეს მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილები, დასაქმდნენ მაღალი კომპეტენციის ადამიანები.
„აქცენტები გაკეთდება, რა თქმა უნდა, უნარების გაზრდაზეც, ტრენინგებზეც, ესეც, რა თქმა უნდა, ჩვენი სამოქმედო გეგმის ნაწილია. გვექნება ძალიან დიდი აქცენტი ასევე ზოგადად საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების სფეროების განვითარებაზე. ჩვენ გვქონდა პრეზენტაცია მიმდინარე წელს ახალ ინიციატივებზე, რომლებიც ზოგადად ტექნოლოგიების, ინოვაციების კვლევის მიმართულებების წახალისებას ითვალისწინებს. იცით რომ ჩვენ დაახლოებით ათი ათასამდე კვალიფიციური სამუშაო ადგილი შევქმენით ე.წ. საერთაშორისო კომპანიების შემოყვანის გზით. ჩვენ ამ მიმართულებით სვლას და განვითარებას კიდევ უფრო გავაგრძელებთ და, ზოგადად, ეს ყველაფერი ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებას და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა დავითაშვილმა.