„საშინელება მოხდა...“ - ცნობილია ახალგაზრდის ვინაობა, რომელიც ხონში ავარიას ემსხვერპლა
1763381806
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია ნებისმიერი ინსტიტუტი, რომელსაც თუნდაც ფორმალურად მაინც ევალება კორუფციასთან ბრძოლა.
ბეჟაშვილის თქმით, აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კორუფცია არის ის, რასაც ეყრდნობა „ქართული ოცნება“.
ლევან ბეჟაშვილმა კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, რომ 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
„რაჟდენ კუპრაშვილი მოიაზრებოდა ღარიბაშვილის კადრად. ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ კლანებს შორის ბრძოლა უკვე კანონის სახით გადაწყვიტოს და გააუქმოს ეს სამსახური. ასევე, გაუმართლებელია ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ აუდიტის სამსახურის ფუნქციები კონსტიტუციურად აბსოლუტურად სხვა არის და საერთაშორისო სტანდარტებით მართებულია, რომ ანტიკორუფციული სამსახური თავისი საგამოძიებო და სამოსამართლეო ფუნქციებით დამოუკიდებელი სტატუსის სახით არსებობდეს. ერთი სიტყვით, ეს გადაწყვეტილება ეხება არა კორუფციას, კორუფციის სფეროში რეფორმების გატარებას, არამედ იმას, რომ კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება იყოს ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
ამასთან, ბეჟაშვილი გამოეხმაურა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილებას.
„„ქართულმა ოცნებამ“ რატომღაც 13 წლის თავზე აღმოაჩინა ამ სამსახურის არსებობა, ამ სამსახურის მოქმედებები და ამ სამსახურის შეფასება 13 წლისთავზე დაიწყო, მაშინ, როდესაც 13 წლის განმავლობაში ერთი გადაწყვეტილებაც არ მიუღია, დღეს რა არგუმენტებსაც გამოთქვამდნენ, იმის შესაბამისად. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოსალოდნელია, სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში „ქართული ოცნება“ ისევ რუსული პოლიტიკის გატარებას აპირებდეს, რადგან ეს სამსახური, რომელიც შექმნილი იყო თავის დროზე – ქართული ადმინისტრაცია – სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერით გაკეთდა. მის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა როგორც ცხინვალის რეგიონის ქართული, ისე ოსური მოსახლეობა. ლეგიტიმაციის პრობლემა მათ არ ჰქონდათ და საერთაშორისო ასპარეზზეც ერთ-ერთ მომლაპარაკებელ მხარედ მონაწილეობდნენ. ერთი სიტყვით, ამ სამსახურს ჰქონდა თავისი კონკრეტული მიზანი და ამოცანა. დღეს ეს მიზანი და ამოცანა რუსებისთვის მიუღებელია. შესაბამისად, „ქართული ოცნება“, როგორც რუსული ოცნების გაგრძელება, დღეს ამ სამსახურს აუქმებს და ამ სფეროში რუსული პოლიტიკის გატარებას აპირებს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.