ლაშა ფარულავა: 2024 წლის 26 ოქტომბერი რომ რუსული სპეცოპერაცია იყო, ამას ახლა ევროპის სასამართლო სამართლებრივად შეაფასებს, დღეს თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს, ეს არის „ქართული ოცნება“

ლაშა ფარულავა

2024 წლის 26 ოქტომბერი რომ იყო არა არჩევნები, არამედ რუსული სპეცოპერაცია, საერთაშორისო საზოგადოებამ პოლიტიკურ დონეზე შეაფასა და ახლა ევროპა შეაფასებს სამართლებრივად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპული სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და „ქართული ოცნებას“ ამის უნდა ეშინოდეს.

„ცხადია, თეთრიწყაროში არსებობს ექსპერიმენტი, რომლითაც დადასტურდა, რომ დარღვეული იყო კონსტიტუციური პრინციპი ფარულობასთან დაკავშირებით. ეს პრინციპი და ექსპერიმენტი შეცვალეს, გააყალბეს მურუსიძე-ჩინჩალაძემ სააპელაციო სასამართლოში. ცხადია, ამას განიხილავს ევროპული სასამართლო და მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებებს. დღეს ვინმეს თუ უნდა ეშინოდეს სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილების, ეს არის „ქართული ოცნება“.

ზოგადად, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება არის სამართლებრივი, რომელიც ასაბუთებს მოსარჩელის პოზიციას, არის ეს ჭეშმარიტება, თუ არა. რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირი ეჭვი არ შეგვაქვს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები გააყალბა. ცხადია, მურუსიძე-ჩინჩალაძის სამართლებრივ გადაწყვეტილებას არა თუ არ ექნება მხარდაჭერა ევროპის სასამართლოში, არამედ მიიღებენ შესაბამის პასუხს და მათ დანაშაულს დაერქმევა სახელი. ორი წლის წინ არჩევნები ჩატარდა, შესაბამისად, ევროპის სასამართლო ახლა იღებს გადაწყვეტილებას სარჩელთან მიმართებით იმ არგუმენტაციით, იყო თუ არა ობიექტური თეთრიწყაროში ჩატარებული ექსპერიმენტი და შემდეგ იყო თუ არა ფარსი სააპელაციოს ჩატარებული ექსპერიმენტი. ამაზე მიიღებს გადაწყვეტილებებს და ეს იქნება ერთგვარი დამოკლეს მახვილი „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის თავზე“, – განაცხადა ფარულავამ.

ცნობისთვის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა დაიწყო. როგორც საია-ში აცხადებენ, მათ მოთხოვნებში არჩვენების შედეგების გაუქმება არ არის.