ლაშა დარსალია მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა

ლაშა დარასელია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში 20 აპრილს გამართა შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩი ბურიჩთან.

შეხვედრისას მინისტრის მოადგილემ გენერალურ მდივანს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარებაზე.  
შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს ევროპის საბჭოს დღის წესრიგში და მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადებისათვის, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ. ასევე, ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან სამართლებრივ და პოლიტიკურ დოკუმენტებს, რომელთა მეშვეობითაც, საერთაშორისო საზოგადოების მიერ ხდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული უმძიმესი ვითარების შესაბამისი შეფასება.

საუბარი ასევე შეეხო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის შედეგად შექმნილ უმძიმეს ვითარებას. აღინიშნა, რომ რუსეთის აგრესია მისი მეზობლების წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის დარღვევით, სამწუხაროდ, დამკვიდრებული პრაქტიკაა და რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო რომელმაც გამოსცადა რუსული აგრესია. მინისტრის პირველმა მოადგილემ დაგმო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, რაც საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების, მათ შორის ევროპის საბჭოს წესდების უხეში დარღვევაა. კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ საქართველოს სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთიანი დაცვის მნიშვნელობას და მიესალმა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვის თაობაზე. 
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსოლიდირებული ანგარიშების მომზადება უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს პრაქტიკა მომავალში კვლავ გაგრძელდება.

მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და განიხილეს დღის წესრიგში არსებული მიმდინარე საკითხები, ასევე სამომავლო გეგმები. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის მნიშვნელობას.

შეხვედრის ბოლოს გენერალურმა მდივანმა ხაზის გაუსვა, რომ საქართველო ბრწინვალედ გაუძღვა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯომარეობას (2019 ნოემბერი-2020 მაისი) და დატოვა ძალიან ძლიერი მემკვიდრეობა ორგანიზაციაში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით.