1779737742
კვიპროსის კულტურის მინისტრი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ეს დღესასწაული აღნიშნავს საამაყო ფურცელს თქვენი ქვეყნის ხანგრძლივსა და მედეგ ისტორიაში
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კვიპროსის რესპუბლიკაში გამართულ ღონისძიებას კვიპროსის კულტურის მინისტრი, ლინა კასიანიდუ დაესწრო.
საკუთარ მიმართვაში ლინა კასიანიდუმ საქართველოსა და კვიპროსის ურთიერთობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, ხალხთაშორის მჭიდრო კავშირებზე ისაუბრა.
„მსურს, ქართველ ხალხს გადავცე ჩემი გულწრფელი მოლოცვა. ეს დღესასწაული აღნიშნავს საამაყო ფურცელს თქვენი ქვეყნის ხანგრძლივსა და მედეგ ისტორიაში. ვუსურვებ საქართველოს მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას, წინსვლას. კვიპროსსა და საქართველოს აკავშირებთ ხალხთაშორისი მჭიდრო კონტაქტები, რომლებიც დაფუძნებულია საერთო ისტორიაზე, კულტურასა და სარწმუნოებაზე. ჩვენ განსაკუთრებით გვიხარია, რომ კვიპროსში ვმასპინძლობთ ძლიერ და აქტიურ ქართულ დიასპორას, რომელიც წარმოადგენს ნამდვილ მეგობრობის ხიდს კვიპროსსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა მინისტრმა.
ლინა კასიანიდუმ ასევე ისაუბრა საუკუნეების წინ კვიპროსში არსებულ სამონასტრო ცხოვრებაზე.
„ქართველების ყოფნა კვიპროსში, ფაქტობრივად, მრავალ საუკუნეს ითვლის. ისტორიული წყაროები შეგვახსენებენ, რომ ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში, ქართველი ბერები ჩავიდნენ კვიპროსში, დააარსეს მონასტერი და შექმნეს სამონასტრო ცხოვრება პაფოსის რეგიონში, იალიაში, რაც ჩვენ ორ ხალხს შორის არსებული ღრმა ისტორიული ფესვების დასტურია“, – აღნიშნა ლინა კასიანიდუმ.
ამასთან, მინისტრმა გამოხატა კვიპროსის მხარდაჭერა საქართველის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„კვიპროსის რესპუბლიკა ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში. ქართველ ხალხს გადავცემ ჩემს გულწრფელ მოლოცვასა და საუკეთესო სურვილებს“, – განაცხადა ლინა კასიანიდუმ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კვიპროსში საქართველოს საელჩომ გამოფენას უმასპინძლა, რომელზეც კვიპროსში დაცული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა იყო წარმოდგენილი.











