კულტურის კომიტეტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებების აღსრულების თაობაზე ინფორმაცია მოისმინა

კულტურის კომიტეტი

კულტურის კომიტეტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების აღსრულების თაობაზე ინფორმაცია მოისმინა.

სხდომაზე, ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის (IPOA) გამგეობის თავმჯდომარემ თამარ გვარიშვილმა რეფორმის შედეგად კანონში განხორციელებულ ძირითად ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ცვლილებების შედეგად გაუმჯობესდა ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების სისტემა და ამოქმედდა „კერძო კოპირების“ ჰონორარის შეგროვების მექანიზმი.

მომხსენებელმა ასოციაციის საქმიანობაზე ისაუბრა და კომიტეტის წევრებს ჰონორარის შეგროვების დინამიკასთან დაკავშირებული სტატისტიკა გააცნო. თამარ გვარიშვილმა აღნიშნა, რომ IPOA-ს ინიციატივით და საერთო კრების გადაწყვეტილებით, დაფუძნდა ფონდი „მესმა“, რომლის მიზანია კულტურის განვითარების ხელშეწყობა. მისივე ინფორმაციით, 2026 წლის მაისში დაგეგმილია ასოციაციის მონაწილეობა SCAPR-ის გენერალურ ასამბლეაში, ხოლო ივნისში - CISAC-ის კონფერენციაზე.

კომიტეტის სხდომაზე ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის იურიდიული სამსახურის უფროსმა ლაშა მდივანმა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ საკითხებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

საავტორო უფლებების სფეროში არსებულ გამოწვევებზე და დარგის განვითარებაზე ისაუბრა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ.

სხდომაზე აღინიშნა, რომ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერება მნიშვნელოვანია.