კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება, 2025 წელს ჩატარდა ღონისძიებები, როგორც ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მიმართულებით, ასევე ანალიტიკური და პრევენციული ღონისძიებების კუთხით - თამაზ ბორაშვილი

თამაზ ბორაშვილი

რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობების აღკვეთა, შიდა და საგარეო საფრთხეების მაღალი დონე და დესტრუქციული პროცესების ინსპირირება - პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში მოისმინეს. სხდომაზე დეპუტატებს ანგარიში სუს-ის ხელმძღვანელმა რამაზ ბორაშვილმა წარუდგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, თამაზ ბორაშვილის განცხადებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება:

"კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. 2025 წელს ჩატარდა მთელი რიგი ღონისძიებები, როგორც ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მიმართულებით, ასევე ანალიტიკური და პრევენციული ღონისძიებების კუთხით. შედეგად გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 54 საქმეზე და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 104 პირი. საანგარიშო წლის განმავლობაში კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთის პარალელურად, ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო კორუფციის პრევენციის ხელშემწყობი ზომების დანერგვისა და გაძლიერების მიმართულებით. საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე გარკვეულწილად მეტყველებს მოქალაქეთა ჩართულობა კორუფციული დანაშაულის გამოვლენაში. შედეგად, 2025 წელს შემოსული მამხილებელი შეტყობინებების რაოდენობამ 176 ერთეული შეადგინა", - განაცხადა თამაზ ბორაშვილმა.

მანამდე, სუს-ის უფროსის მოადგილე დავით არჩვაძე მოხსენებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრების წინაშე გამოვიდა. სუს-ის 2025 წლის ანგარიშში, ოკუპაციას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. ამ მიმართულებით, გამოწვევებს შორისაა საოკუპაციო ძალის მიერ, ანექსიისკენ მიმართული ღონისძიებები, უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი, რომლის გამოც, სუსი რეაგირების მუდმივ რეჟიმშია.

✕