არქეოლოგებმა გევერნიკის ციხეში ქართველი მეფის, აშოტ დიდი, კურაპალატის საფლავი აღმოაჩინეს
1759929047
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
მისი განმარტებით, პანდემიის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაში პროგნოზირებულთან შედარებით გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციებია. ოთხწლიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის მაჩვენებელმა 45%-ს, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 85%-ს მიაღწია.
მომხსენებლის ინფორმაციით, ოთხწლიან პერიოდში ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა 9 მილიარდ ლარზე მეტით გაიზარდა.
მომხსენებელმა ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, რეალური ეკონომიკური ზრდა 5%-ის ოდენობით არის დაგეგმილი, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ია.
მისი თქმით, ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 110,5 მილიარდი ლარით. 2029 წლისთვის მშპ-ის ზრდა 140,9 მილიარდ ლარამდეა პროგნოზირებული, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 13 900 დოლარს გადააჭარბებს.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 26,8 მილიარდი ლარის ოდენობით განისაზღვრება, ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2,5%-ია, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი - მშპ-ის 35%-ის ფარგლებში.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35,5 მილიარდი ლარია, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.
მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, 2026 წლის განახლებული პროგნოზით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 26 800,0 მილიონი ლარია, რაც 2025 წლის გეგმასთან შედარებით 1 495,0 მილიონი ლარით მეტია.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 30 290,8 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 30 475,9 მილიონი ლარია.
მომხსენებელმა თითოეული სამინისტროსთვის გამოყოფილ დაფინანსებაზე ისაუბრა.
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის 220,0 მილიონი ლარია გათვალისწინებულია. მისი თქმით, სამინისტროს დაფინანსება რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით გაიზარდა და ეს, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნებში წარმომადგენლობების დაფინანსებას შეეხება. მისივე ინფორმაციით, დიასპორული პოლიტიკის ნაწილში 1 900 000 ლარია გათვალისწინებული.
„ეს დოკუმენტის პირველადი ვარიანტია. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას როგორც სამინისტროებთან, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან. ვფიქრობ, ნოემბრის ბოლომდე შესაძლებელი იქნება ბიუჯეტის შეთანხმება იმ პარამეტრებსა და მოცულობებზე, რაც საბოლოოდ პარლამენტში დეკემბერში იქნება დამტკიცებული“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.