ხორვატი ევროპარლამენტარი საღად და ხაზგასმით ასახელებს იმ ძალიან მძიმე მოცემულობას, რომელსაც მისი აზრით, ევროპული საზოგადოება ვერ შეეგუება - დავით მათიკაშვილი ბარტულიცას განცხადებაზე

დავით მათიკაშვილი

ევროკავშირის პოლიტიკის მწვავე კრიტიკა ხორვატიიდან და პროგნოზი ევროპის პოლიტიკური რუკის შეცვლაზე ევროპარლამენტარი სტივენ ნიკოლა ბარტულიცა მიიჩნევს, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი ლიდერები მოქალაქეების რეალურ საჭიროებებს დაშორდნენ, რაც საფრთხეს უქმნის როგორც ევროპულ ეკონომიკასა და მრეწველობას, ისე კონტინენტის კულტურულ საფუძვლებს - ქრისტიანობას და დემოკრატიულ ღირებულებებს.

ბარტულიცა ხორვატიას მოუწოდებს, პოლიტიკური გადაწყვეტილებების ცენტრში, არა ბრიუსელის, არამედ მხოლოდ
საკუთარი ეროვნული ინტერესები დააყენოს.

ევროპარლამენტარი ბარტულიცას განცხადებაზე შეფასებები საქართველოშიც გაკეთდა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ხორვატი ევროპარლამენტარი აბსოლუტურად საღად და ხაზგასმით ასახელებს იმ ძალიან მძიმე მოცემულობას, რომელსაც მისი აზრით, ევროპული საზოგადოება ვერ შეეგუება:

"ეს არის ანტიქრისტიანულ, მდარე ღირებულებებზე დაფუძნებული მოცემულობა, რომლის წინააღმდეგაც უკვე სულ უფრო და უფრო მეტად ხმამაღლა ისმის პროტესტი. თუ არ ვცდები, ხორვატი ევროპარლამენტარი აბსოლუტურად საღად და ხაზგასმით ასახელებს იმ ძალიან მძიმე მოცემულობას, რომელსაც ვერ შეეგუება მისი აზრით ევროპული საზოგადოება. ეს არის სწორედ იმ მოძრაობის, იმ პოლიტიკური წიაღსვლის გამოძახილი, რაც თავის დროზე საქართველოში ძალიან ხმამაღლა ისმოდა და რომელსაც მუდამ აკრიტიკებდნენ ევრობიუროკრატები, თუმცა დღეს ეს ყველაფერი მათ უკვე ევროკავშირის ქვეყნებიდანვე ესმით და ეს ხმა კიდევ უფრო მეტად ხმამაღალი გახდება,"- აცხადებს დავით მათიკაშვილი.

✕