კატეგორიულად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში - პრემიერი

პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში სტუმრობას გამოეხმაურა. პრემიერი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ეს „ვიზიტი“ არღვევს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

„კატეგორიულად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში და შეხვედრებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო კანონმდებლობას, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს“,- აცხადებს ღარიბაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის მომხდარს მკაცრად გმობს.

დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა და საგარეო უწყებაში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელორუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.