კარგად გვახსოვს მიხეილ სააკაშვილი არაჟნების კონტეინერით როგორ შემოიპარა, ამ ქმედებით პირდაპირ დაირღვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და კვეთის ლეგალურობა - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

4 წელი და 6 თვე პატიმრობა საზღვრის უკანონო კვეთისთვის - მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

4 წელს დაემატა 8 წლიანი სასჯელი, რომელიც სასამართლომ ექსპრეზიდენტს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე შეუფარდა და საბოლოო ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლით და 6 თვის ვადით განესაზღვრა.

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავისი ქმედებით, სახელმწიფო საზღვრის კვეთის ლეგალურობა დაარღვია.

"ძალიან კარგად გვახსოვს, მიხეილ სააკაშვილი არაჟნების კონტეინერით როგორ შემოიპარა საქართველოში, როგორ ჩატარდა ერთგვარი სპეცოპერაცია, მაღალი ალბათობით სხვა ქვეყნის დახმარებით. ძნელი წარმოსადგენია, ის ქვეყანა ასე ჩუმად გადმოეკვეთა მიხეილ სააკაშვილს და საქართველოში შემოპარულიყო, თუკი ცალკეული ნება არ იქნებოდა იმ ქვეყნიდან. მაგრამ აქ მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ მისი ამ ქმედებით პირდაპირ დაირღვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მისი კვეთის ლეგალურობა, ანუ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება და სასამართლომ მოახდინა ამის სწორი სამართლებრივი შეფასება. შესაბამისად, ყველა განცხადება, რაც ისმის ამ თემასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, არის მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების დამახინჯების და ტყუილი ინფორმაციის საზოგადოებისთვის თქმის საფუძველი და რეალურად, სინამდვილეში, ჩვეულებრივ, დანაშაულს აქვს ადგილი", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვაზე ექსპრეზიდენტმა კვლავ უარი განაცხადა. მიხეილ სააკაშვილს ბრალი 344-ე მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.