კანონში 1999 წლიდან წერია, რომ კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის წესით ისჯება, ოპოზიცია საკუთარი თავების დაპატიმრებაზე გადავიდა, შიმშილობაც გამოუცხადეს ერთმანეთს - თენგიზ შარმანაშვილი

თენგიზ შარმანაშვილი

ქართულ კანონმდებლობაში 1999 წლიდან  წერია, რომ კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის წესით ისჯება, საკუთარი თავების დაპატიმრებაზე გადავიდნენ. გუშინ ერთმანეთს შიმშილობა გამოუცხადეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები „უაზრო ტაქტიკაზე არიან გადასული“.

„საგამოძიებო კომისია ჩვენ გამოვიგონეთ, აქამდე არ ყოფილა? – 1999 წლიდან ქართულ კანონმდებლობაში წერია, რომ კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის წესით ისჯება. მსგავსი მოთხოვნა კომისიის შექმნამდე რომ დაგვეწესებინა, იტყოდნენ, ამათმა რეპრესიებისთვის პლაცდარმი გაიმზადესო, მაგრამ კანონმდებლობა 1999 წლიდან რომ მოქმედებს, სახელმწიფო აპატიმრებს ამ ხალხს, თუ თავისი თავი თავად დაიპატიმრეს? – თავისი თავი თავად დაიპატიმრეს. გირაოს გადახდას სასჯელთან კავშირი არ აქვს. ისინი სასჯელს იხდიან. საშუალება ჰქონდათ, აღმკვეთი ღონისძიება ჰქონოდათ უფრო რბილი. რატომ გააკეთეს ეს? – ერთი ის იყო მათი სწორი ნაბიჯი, პარლამენტში 61 ადამიანი რომ არ ზის და მეორე ეს გადაწყვეტილება. ვერ გათვალეს, რომ პარლამენტში ყოფნით უფრო მეტ ქულებს მოიპოვებდნენ. რა ვქნათ, მათი შეცდომების გამო ჩვენ ვიდარდოთ? – ყოვლად უაზრო ტაქტიკაზე – საკუთარი თავების დაპატიმრებაზე გადავიდნენ. გუშინ ერთმანეთს შიმშილობა გამოუცხადეს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.