1783972020
კალასის განცხადება მორიგ ჯერზე ადასტურებს, თუ რა მიზანი აქვს ევრობიუროკრატიას საქართველოსთან და ზოგადად, მცირე ქვეყნებთან მიმართებაში - გურამ მაჭარაშვილი
კაია კალასს მმართველი გუნდი ქართველი ხალხის უპატივცემულობაში ადანაშაულებს. ასე ეხმიანებიან თბილისში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის გუშინდელ განცხადებას. უმრავლესობის შეფასებით, კალასის მცდელობა, ერთმანეთისგან გამიჯნოს ხალხი და არჩეული ხელისუფლება, ქვეყნის სუვერენიტეტის უპატივცემულობაა.
ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, სადაც შავი ზღვის სტრატეგია საქართველოს მონაწილეობის გარეშე განიხილეს, კალასმა განაცხადა, რომ ისინი ემხრობიან ქართველ ხალხს, თუმცა მათ არ სურთ საქართველოს მთავრობას მხარი დაუჭირონ.
საკითხს გამოეხმაურა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილეც. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, კალასის განცხადება მიუთითებს იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლების ნაწილს საქართველოსთან მიმართებაში აქვთ.
"კალასის ეს განცხადება მორიგ ჯერზე ადასტურებს იმას, თუ რა ბუნების არის და რა მიზანი აქვს ზოგადად ევრობიუროკრატიას საქართველოსთან და ზოგადად, მცირე ქვეყნებთან მიმართებაში, სადაც არ არის ამ შემთხვევაში "დიფ სთეითის" წარმომადგენლობა ხელისუფლებაში. არ გინდა შენ იმ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა ირჩევს და გინდა ქართველ ხალხთან ურთიერთობა - სად არის აქ ლოგიკა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.











