კახა კალაძე ცალკეული პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით: აგენტურა, მოღალატეები და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ

კახა კალაძე

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ აგენტურა, მოღალატეები და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან და ასრულებენ გარე ძალების დავალებას, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ, - განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებასთან დაკავშირებით.

ამასთანავე, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ განხორციელებული პოლიტიკა ძალიან მძიმე აღმოჩნდა ქვეყნისთვის და ეს ტრაგედია დღემდე მოუშუშებელია.

„პარტიების აკრძალვას რაც შეეხება, ხედავთ თუ რა პროცესები მიმდინარეობს. ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იმართებიან გარედან, ახორციელებენ გარე დავალებების შესრულებას, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა.
კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ, მათ მიერ განხორციელებული პოლიტიკა ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის, უდიდესი ტრაგედია და სიმძიმეა, რომელიც დღესაც არ მოგვიშუშებია, ავიღოთ თუნდაც 2008 წლის ომი.
არსებობს ძალიან ბევრი კითხვა იმ გადაწყვეტილებებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც ეს ადამიანები, ხელისუფლებაში ყოფნისას, ახორციელებდნენ. შესაბამისად, ამ კითხვებს სჭირდება პასუხის გაცემა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

შეკითხვაზე, თუ როდის შევა შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ როდესაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ამის თაობაზე განცხადება გაკეთდება.